პერუში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გაიმართა, რა დროსაც სამოქალაქო პირები პოლიციას დაუპირისპირდნენ. შეტაკებისას ათობით ადამიანი დაშავდა – ინფორმაციას საერთაშორისო მედია, Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დედაქალაქ ლიმაში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების მოსაგერიებლად, რომლებიც შუშის ბოთლებსა და ქვებს ისროდნენ. ქუჩაში ხანძარი იყო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვისენტე რომერომ მედიასთან თქვა, რომ ქვეყნის სამხრეთ პუნოს რეგიონში, დაახლოებით 1,500 მომიტინგე თავს დაესხა პოლიციის განყოფილებას.
ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რვა პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს სხვადასხვა დაზიანებებით, მათ შორისკიდურების მოტეხილობით.
პერუს ომბუდსმენის მოხსენების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციების შედეგად 58 ადამიანი დაშავდა.
არსებული ცნობებით, მომიტინგეებმა დაწვეს დაახლოებით საუკუნის წინანდელი სასახლე ლიმას ცენტრში, რაც ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს, როგორც “მონუმენტური აქტივის” დაკარგვა.
საპროტესტო აქციები პერუში პრეზიდენტ პედრო კასტილოს იმპიჩმენტის შემდეგ მიმდინარეობს. კასტილო პარლამენტმა მას შემდეგ, გადააყენა თანამდებობიდან, რაც მან საკანონმდებლო ორგანოს დაშლა სცადა. ამის შემდეგ ქვეყანას სათავეში დინა ბოლუარტე ჩაუდგა.