ისტორიაში პირველად, საქართველომ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა – ანასტასია გუბანოვამ მოკლე და თავისუფალ პროგრამაში შესანიშნავად იასპარეზა, ჯამში 199.10 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს პირველი არხი ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მაკა გიორგობიანს დაუკავშირდა, რომელიც ფინეთის ქალაქ ესპოოში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება.
„ეს წარმატება არის უმნიშვნელოვანესი ზოგადად ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიისთვის და ასევე უმნიშვნელოავანესია ჩვენი ფედერაციის მომავლისათვის.
ბრძოლა ურთულესი, დაძაბული და კონკურენტული იყო. ამ ფაქტორების მიუხედავად, ანასტასიამ ყველაფერი გააკეთა. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური ბრძოლა, აქ იყო ურთულესი ფსიქოლოგიური ჭიდილიც, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ქვეყნის სახელი გავიტანეთ ყველაზე მაღალ საფეხურზე.
„მადლობა“, – ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ტრიუმფის შემდეგ ეს იყო ის პირველი სიტყვა, რაც მე ანასტასია გუბანოვას ვუთხარი. ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ანასტასიას თავდაუზოგავი შრომის შედეგია.“