ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „რყევები არის მოკლევადიანი, გრძელვადიან ნაწილში ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ლარის კურსი უფასურდებოდეს.“
მინისტრს მიაჩნია, რომ საქართველო არის პატარა, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა და „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება მოლოდინების გამძაფრება, ხდება გადამეტებული რეაგირება ლარის კურსზე“.
მისივე თქმით, დეკემბერ-იანვარში გაუფასურების შემდეგ, მოხდა ლარის კურსის გამყარება და დღევანდელი მონაცემებითაც, ეროვნული ვალუტა მყარდება.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რყევები არის მოკლევადიანი, გრძელვადიან ნაწილში ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ლარის კურსი უფასურდებოდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ლარის კურსი გამყარდება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამისთვის გასაკეთებელია ბევრი რამ. პირველ რიგში, ეს გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომლის განსახორციელებლად შექმნილია 4-პუნქტიანი გეგმა“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა – ეს ის მექანიზმები, რომელიც ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემების გასწორების საშუალებას იძლევა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სავაჭრო ბალანსი, რომელიც გვერგო მემკვიდრეობით და ამ სავაჭრო ბალანსის გასწორება ერთ დღეში, ერთ და ორ წელიწადში შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმის ძირითადი მიზანია, მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, გავასწოროთ ჩვენი სავაჭრო ბალანსი და შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში კიდევ უფრო პროგრესული იქნება“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარია – რყევები არის მოკლევადიანი, ლარის კურსი გამყარდება
2017/01/09 15:07:09
კომენტარები
ნანახია: 1426 ჯერ