საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად დაესწრო ტურისტული გამოფენის – ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებას. მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს – მესე ბერლინის დირექტორმა დირკ ჰოფმანმა, ბერლინის მერმა ფრანცისკა გიფაიმ, WTTC პრეზიდენტმა ჯულია სიმფსონმა, UNWTO გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.
საზეიმო გახსნის გალა-კონცერტი City Cube-ის პავილიონში გაიმართა, რომელსაც 3 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. კულტურულ პროგრამაში, სახელწოდებით – „უსაზღვრო ქართული კულტურა“ წარმოდგენილი იყო შოუ ქართული სტუმარმასპინძლობის, საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ.
კონცერტში მონაწილეობდნენ: ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი ნიკა მაჩაიძე და ორკესტრი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ანსამბლი „რუსთავი“ ( „შენ ხარ ვენახი“), დავით ევგენიძე და ჯაზბენდი (ჯაზის კომპოზიცია), სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ნინო მაჩაიძე, პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, ანსამბლი „რუსთავი“ („ჩაკრულო“), სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ლიზა ბათიაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და ნიკა მაჩაიძე (ჯუთა).
ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფცია არის „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“. ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin-ი წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი გააშუქებს.
საზეიმო გალა-კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს სახელით მიღება გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა სტუმრებს, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული მრავალფეროვანი კულინარია და ღვინო დაეგემოვნებინათ.
საქართველო ITB Berlin 2023-ის გამოფენის მასპინძელი ქვეყანაა.