კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე „ხელოვნების ქალაქის“ მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ობიექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაათვალიერა. სამუშაოების პირველი ფაზა დასრულებულია და მომდევნო ეტაპიც გეგმის თანახმად მიმდინარეობს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კინოსტუდიის ერთ-ერთ შენობაში უკვე განთავსდა ცნობილი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის სტუდია, მოეწყო გამოფენა-გაყიდვის სივრცე სამხატვრო აკადემიის პროექტისთვის „ლურჯი სუფრა“. ასევე, ფუნქციონირებს მსახიობების შერჩევის სააგენტო – „Eka Cast Agency“, რომელსაც მსახიობი და კასტინგმენეჯერი ეკა მჟავანაძე ხელმძღვანელობს და მეთოჯინეების – ეკატერინე ბერიძისა და იულია სოროკინას სახელოსნო.
„ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა „თოჯინების სახლი“, სადაც თბილისსა და რეგიონებში მოქმედი თეატრებისთვის სპეციალისტები დაამზადებენ თოჯინებს, პატარა მაყურებლებისთვის კი გაიმართება თოჯინური სპექტაკლები. მათ ექნებათ საშუალება, დაათვალიერონ სახელოსნო და თავად გახდნენ თოჯინების შექმნის პროცესის მონაწილეები. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მეთოჯინის პროფესიის პოპულარიზაციას. პროცესის ორგანიზატორია თბილისის თოჯინების თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკა საბაშვილი. ასევე, ტერიტორიაზე ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, „Fest I Nova“-ს თბილისის ფილიალიც იქნება (სამხატვრო აკადემიის რექტორის, ყარამან ქუთათელაძის მიერ 2007 წელს დაფუძნებულ ფესტივალს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, რეზიდენცია „არტ-ვილა გარიყულა“ ყოველწლიურად მასპინძლობს). სამუშაოების მეორე ფაზის განხორციელების შედეგად, ღია სივრცე მსურველებს მასტერკლასებისა და ვორქშოპების ჩატარების საშუალებასაც მისცემს. ასევე, ტერიტორიაზე შეიქმნება მულტიფუნქციური სტუდიები; მოეწყობა კლუბური სტილის კინოდარბაზი კინოჩვენებებისა და დისკუსიებისთვის. აღდგება მულტსტუდიაც. სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, იჯარის საფუძველზე, სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტისა თუ ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ ხელოვანებს ექნებათ სახელოვნებო პროექტების განსახორციელებლად. მიმდინარე სამუშაოების გაცნობის დროს კულტურის მინისტრმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია სამუშაოების ეტაპების, ვადებისა და საჭიროებების შესახებ.
გარდა ამისა, მინისტრი შეხვდა უკვე განთავსებული სტუდიების წარმომადგენლებს და დაათვალიერა ეკატერინე ბერიძისა და იულია სოროკინას სახელოსნო, სადაც სხვა მეთოჯინეების – თეა მინდაძის, ნანა ბედიაშვილის, მარინა ბიჭიაშვილის, რინალია მერინის ნამუშევრებია განთავსებული. მათ კულტურის მინისტრს ამ მრავალმხრივი სივრცის შექმნისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც ცნობილია, კულტურის მინისტრის ინიციატივით, 2022 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე უნიკალური ისტორიის მქონე კინოსტუდიის ოთხ ჰექტრამდე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორი ჩამოქცევის პირას მყოფი, 1920-იან წლებში აგებული ორი პავილიონის გადარჩენაზე მუშაობა. ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს წყლის, ელექტროსისტემებისა და ეზოს მოსაპირკეთებელი, ასევე გამწვანების სამუშაოები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.