ე.წ. ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა საჭირო ექსპერტიზა გაიარა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაბამის მხარეებთან კონსულტაციები შედგა, იყო შეხვედრები. მისივე თქმით, ტექნიკურ საკითხებთან და შენიშვნებთან დაკავშირებით უმჯობესი იქნება, საზოგადოებამ თავად ონლაინსესხების კომპანიებისგან მიიღოს ინფორმაცია.
”რაც შეეხება იმას, რამდენად ხდებოდა კონსულტაციები და ამ საკითხების დამუშავება, იყო შეხვედრები, ხდებოდა კითხვებზე პასუხის გაცემა, იყო საკმარისი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ამ კომპანიებს ასოციაციების საშუალებით ჰქონდათ შესაძლებლობა ბევრი კითხვა დაესვათ ამასთან დაკავშირებით.
იმ კანონპროექტმა, რომელიც მიღებულია, გაიარა ის ექსპერტიზა, რაც მას სჭირდება და არ ვფიქრობ, რომ რაიმე უნდა შეიცვალოს მასში. ვიმეორებ, კონსულტაციები შედგა, იყო შეხვედრები, თუკი რაიმე დამატებითი ტექნიკური ხასიათის განმარტება იქნება მისაცემი, ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამას აუცილებლად გააკეთებს”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.