საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები განიხილეს.
თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. მხარეებმა შეხვედრისას ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც იმსჯელეს.
შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდა.
“შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. საუბარი შეეხო ასევე უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულ პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა პარტნიორ აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს. ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე და ბატონმა ერდორანმა გამოთქვა დიდი იმედი, რომ წელს ეს პროექტიც დასრულდება. განვიხილეთ თანამშრომლობის არაერთი სამომავლო პროექტი“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე.