მას შემდეგ, რაც ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოს ელჩი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნით და ხელისუფლებასთან კონსულტაციებისთვის სამშობლოში გამოაძევა, მოქმედების ახალ სტრატეგიაზე გადავიდა. უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ან სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. პროექტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პარლამენტს, ასევე, ევროპარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს, წვლილი შეიტანონ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის დმიტრო ლუბინეცის სააკაშვილთან დაშვებაში. ასევე, სალომე ზურაბიშვილს თხოვნით მიმართავს, შეიწყალოს ექს პრეზიდენტი ან ხელი შეუწყოს მის სამკურნალოდ გადაყვანას სხვა ქვეყანაში. მიმართვას ხელს ათობით დეპუტატი აწერს, მათ შორის მმართველი ფრაქციის ლიდერი – დავით არახამია.
ამის პარალელურად, 44 ევროპარლამენტარის წერილის ადრესატი საქართველოში 3 უმაღლესი თანამდებობის პირია. პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს ევროპელი დეპუტატები მოუწოდებენ, ხელი შეუწყონ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ევროკავშირის წევრს სახელმწიფოში გადაყვანას. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მესამე ქვეყენაში გაგზავნის აუცილებლობას ევროპარლამენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნიან.
ევროპელი კოლეგების ნაწილის პოზიციას მმართველი პარტიის თავმჯდომარე კონკრეტულ მიზანს უკავშირებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლარიზაციის გაღრმავება, ქაოსი და მეორე ფრონტის გახსნის სურვილია ის, რასაც ევროპარლამენტარების ერთი ჯგუფი ცდილობს.
„იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც, არა ვიღაცის ინტერესების კარნახით, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით იმოქმედებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – შეიძლება თუ არა ამ ზეწოლას ვერ გაუძლოს პრეზიდენტმა და გავლენის ქვეშ მოექცეს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამ კოორდინაციაში იგივე ადამიანები არიან ჩართული, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტის გახსნას.
„აქ ჩანს კოორდინაცია და კოორდინაციას აქვს ერთადერთი მიზანი – ეს არის პოლარიზაცია, არეულობა, საბოლოო ჯამში მეორე ფრონტი. თუ დააკვირდებით, ზუსტად იგივე ადამიანები არიან ყველგან ჩართული ამ კოორდინაციაში, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს. მათ შორის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ პირდაპირ მეორე ფრონტისკენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზანი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებში, არა ვიღაცის ინტერესების კარნახით იმოქმედებს, არამედ იმოქმედებს ქვეყნის ინტერესების კარნახით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„არა და არასოდეს“ – სწორედ ასე პასუხობდა ზურაბიშვილი მსჯავრდებულის შეწყალებაზე დასმულ კითხვებს. იმოქმედებს თუ არა პრეზიდენტზე ევროპარლამენტარებისა და რადას დეპუტატების მოთხოვნა, ჯერ უცნობია. პროგნოზის გაკეთება „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ უჭირთ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გაყვანა ციხიდან ნებისმიერ ფასად უნდათ და ამაში აქტიურად უკრაინა და პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკიც ჩაერთო. საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი კანდიდატის სტატუსსაც უკავშირდებოდეს და სხვა ისეთ თემებსაც, რომლის გამჟღავნებისაც თავად უკრაინას ეშინია. საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი მათ აშანტაჟებდეთ სწორედ იმ ინფორმაციების გამხელით, რომლის გამოც ის საქართველოში დაბრუნდა. ასევე, შესაძლოა, ევროპარლამენტარების ქრთამით მოსყიდვა ხდებოდეს და ეს გასაკვირიც არ იქნება, რადგან ევროპარლამენტი, ბოლო დროს, არაერთ მსგავს სკანდალში გაეხვა.
„ვფიქრობ, უკრაინის ასეთი ორკესტრირებული ჩართვა ამ სიტუაციაში, სხვა რამესთან უნდა იყოს დაკავშირებული. ქვეყანა, რომელიც ომში იმყოფება, ძალიან საეჭვოდ გააქტიურდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ციხიდან როგორმე გამოყვანის კუთხით. მით უმეტეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ სააკაშვილს არც არავინ აწამებს და მას სათანადოდაც მკურნალობენ. ამიტომ ჩვენს ხელისუფლებაზე ამ დონის ზეწოლა, გინდა ეს უკრაინიდან და გინდა ევროპარლამენტარი ზოგიერთი წევრისგან, უკვე ბევრ ეჭვს აჩენს. დიდი ალბათობით, მათ სააკაშვილის ალაპარაკების ეშინიათ და მაქსიმუმს ცდილობენ იმისთვის, რომ ციხიდან გაიყვანონ. თუმცა არსებობს მეორე ვარიანტიც, რომ ამ ყველაფერმა კანდიდატის სტატუსზე გავლენა მოახდინოს, არ მოგვცენ და ამის შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყოს. ეს არის რევოლუციური სცენარისკენ სიტუაციის წაყვანა. ხელისუფლებას ყველა მხრიდან დარტყმის ქვეშ აყენებენ, რათა მან ამ ზეწოლას ვერ გაუძლოს.
რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს – შეცვლის თუ არა ის გადაწყვეტილებას, ვინმეზე თავის დადება, რომ რაღაცას არ გადაიფიქრებს, ძალიან რთულია, მით უმეტეს პოლიტიკოსზე და ქალბატონ ზურაბიშვილზე, რომელსაც ხასიათის ცვლილება ახასიათებს. თუმცა, რომც შეიწყალოს სააკაშვილი, მისი გათავისუფლება ვერ მოხერხდება, რადგან სხვა სქმეებზე სასამართლო დასრულებული ჯერ არ არის. ვნახოთ, გააჩნია პრეზიდენტს თავად როგორ აწყობს და პოლიტიკურად მას როგორ გამოიყენებს. ფაქტია, ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მას დააზიანებს. თუმცა, შესაძლოა, ეს ისევ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მიღების კუთხით გაამართლოს და თქვას, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდიო“,-ამბობს საყვარელიძე.
თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე კი აცხადებს, რომ უკრაინის რადას გადაწყვეტილება და მოთხოვნა სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით სრული აბსურდია, მით უმეტეს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ. ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ის ბერკეტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ხელში მყარად უჭირავს. თავადაც კარგად იციან სააკაშვილის გარემოცვამ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარის შეტანა სტრატეგიული შეცდომა იყო, ამიტომ ახლა ყველა ხერხს იყენებენ იმისთვის, რომ სააკაშვილი როგორმე ციხიდან გაიყვანონ.
„როგორც რადას მოთხოვნები, ასევე ზოგიერთი ევროპარლამეტარის განცხადებები, რომ სააკაშვილის რომელიმე ევროკავშირის ქვეყანაში გადაყვანა უნდა მოხდეს, ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს არის აცდენილი. სტრასბურგის სასამართლომ გარკვევით და ნათლად თქვა, რომ სააკაშვილს არავინ არ აწამებს და ასევე იღებს სათანადო მკურნალობას. ზელენსკიმ საქართველოს ელჩი სწორედ მაგიტომ გამოაძევა უკრაინიდან, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. ჩვენი ხელისუფლების პასუხიც პრინციპული იყო, რომ ელჩი უკან არ დაბრუნდება და ამაზე არანაირი კონსულტაციები არ გაიმართება. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი დახურულია. თუ ვინმე სააკაშვილს აწამებს, ეს მისი საკუთარი ოჯახი და გარემოცვაა. ის, რომ მან უკვე წონაში მოიმატა, ფაქტია და თუკი გააგრძელებს სრულფასოვან კვებას, ორ კვირაში სრულიად სხვა წონას მივიღებთ. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, დებატების ნაცვლად პირდაპირ არჩევნებში მონაწილეობაც კი მოითხოვოს. საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ყველაფერი ეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. უნდათ, საქართველოს მოსახლეობაში ისეთი განცდა გააჩინონ, რომ სტატუსს სააკაშვილში გაცვლის სანაცვლოდ მოგვცემენ“, – ამბობს ბოჟაძე.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის განწყობა სრულიად სხვაგვარია და სააკაშვილის ფაქტორი ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არაფერს ნიშნავს. ბოჟაძე ამბობს, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის საკითხის ასე დაყენება შეურაცხმყოფელია და როგორი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“, ამ საკითხში ხელისუფლების მიმართ სოლიდარულია.
„სააკაშვილი უკრაინაში თმებით როცა ათრიეს, მაშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყო? როცა მოქალაქეობა ჩამოართვეს, თვითმფრინავში ჩასვეს და ქვეყნიდან გააძევეს, მაშინ პრეზიდენტი არ იყო? მაშინ სააკაშვილი თავად უკრაინასაც ამ დონეზე არ სჭირდებოდა. ახლა მისი როლი რაღაცაში სჭირდებათ. თურმე სააკაშვილს რუსეთის დაკვეთით ვაწამებთ, არა და ამ დროს კიდევ ერთი შვილი შეეძინა, წონაშიც მოიმატა, პოლიტიკაში დაბრუნებაც გადაწყვიტა და ხელისუფლებას დებატებშიც კი იწვევს. მაშინ ჩნდება კითხვა, რუსეთის დავალებით გამოუშვეს უკრაინელებმა სააკაშვილი საქართველოში? უკრაინის საზღვარი ხომ გადმოლახა და მიზანმიმართულად გადმოუშვეს? გამოდის, ზელენსკიმ პუტინს დაუჯერა, სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა და საქართველოში შემოაპარეს? სააკაშვილს დავალება ხომ არ ჰქონდა, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საღამოს საქართველოში რევოლუცია უნდა მოეწყო და ხელისუფლება შეეცვალა, შემდეგ კი, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, საქართველოც ომში ჩართულიყო? ამიტომ ამ ფარსს ქართველი ხალხი აღარ იჯერებს და რაც უნდა ის ილაპარაკონ“, – ამბობს ბოჟაძე.