პენტაგონმა აღმოაჩინა, რომ უკრაინაში გაგზავნილი დასავლური იარაღის ნაწილი გასულ წელს მოიპარეს, – ამის შესახებ „სიენენი“ პენტაგონის გენერალური ინსპექტორის მოხსენებაზე დაყრდნობით წერს.
გენერალური ინსპექტორის მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასულ წელს კრიმინალებმა, მოხალისე მებრძოლებმა და იარაღით მოვაჭრეებმა მოახერხეს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი იარაღის და აღჭურვილობის ნაწილის მოპარვა, ვიდრე ის უკრაინაში აღმოჩნდებოდა.
დოკუმენტი ცხადყოფს, რომ 2022 წლის ივნისის ბოლოს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსი ჩინოვნიკი, შეუერთდა მოხალისეთა ბატალიონს ყალბი დოკუმენტებით და მოიპარა იარაღი, ყუმბარმტყორცნი და ტყვიამფრქვევი, ასევე 1 000-ზე მეტი ვაზნა, თუმცა, უკრაინულმა დაზვერვამ გამოავლინა შეთქმულება.
„იარაღისა და აღჭურვილობის მოპარვის შეთქმულებები ჩაშალეს უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა და ის საბოლოოდ ამოიღეს“, – ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენება დათარიღებულია 2022 წლის 6 ოქტომბრით.
ოქტომბრის ბოლოს, აშშ-მა განაახლა უკრაინის იარაღის საწყობების ადგილზე ინსპექტირება, რათა თვალყური ედევნებინა, სად მიდიოდა აღჭურვილობა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტმა მიაწოდა უკრაინელებს თვალთვალის სისტემები, მათ შორის სკანერები და პროგრამული უზრუნველყოფა, თუმცა ანგარიში ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად რთული იყო აშშ-სთვის ომის პირველ დღეებში თვალყური ედევნებინა მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობისთვის, რომელსაც უკრაინას უგზავნიდა.
როგორც „სიენენი“ წერს, ანგარიშში არავითარი რეკომენდაცია არ არის გაცემული და აღნიშნულია, რომ თავდაცვის დეპარტამენტმა „განახორციელა გარკვეული ძალისხმევა, რათა შეემცირებინა პერსონალური მონიტორინგის ჩატარების შეუძლებლობა“.
