45 წლის ნარი კაჯაევია, ნარკოტიკების დილერი ,, მეტსახელად “ხათუნა“- სწორედ ის იდგა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის სათავეში. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ერთობლივი გამოძიებით ირკვევა, რომ კაჯაევმა უცხოეთის ორ მოქალაქესთან ერთად შექმნა ნარკოტიკებით ვაჭრობის საერთაშორისო ქსელი. კურიერი დღეს ბორჯომში ნარკოდილერის რეგისტრაციის მისამართზე იმყოფებოდა. მეზობლები ამბობენ, რომ ნარი კაჯაევი საქართველოში წლებია არ იმყოფება და ის დიდი ხანია თურქეთში ცხოვრობს.
კაჯაევთან ერთად ორგანიზებულ სქემას სათავეში ედგა თურქეთის ერთი და ბულგარეთის კიდევ ერთი მოქალაქე. საქმეში ჩართული იყო ორი ადვოკატიც. მანუჩარ ზოიძეს და ასლან ფუტკარაძეს ძირითადად დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი ტრანზაქციების განხორციელება ევალებოდათ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მათ ფუნქციებში შედიოდა იურიდიული და საბანკო დაწესებულებებთან წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაც. ფარულ სატელეფონო ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ატყობინებს ადვოკატი მანუჩარ ზოიძე სავარაუდოდ, თურქეთში მყოფ ნარკო დილერს ზუგდიდში ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავებას. ნარი კაჯაევისგან ადვოკატი კონკრეტულ ინსტრუქციებსაც იღებს.
ნარკოდანაშაულში ჩართული ადვოკატების ოფისი ახლა დაკეტილია. მეზობლები ადასტურებენ, რომ პოლიციამ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც საადვოკატო ოფისი დაიხურა.
გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ დიდი ოდენობით ჰეროინი, კოკაინი, მეტადონი, ამფეტამინი და სხვა მძიმე ნარკოტიკები ქვეყანაში მალულად შემოჰქონდათ, შემდეგ კი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდებოდა. დანაშაულებრივ სქემაში ჩართეს ათობით ადამიანი, რომლებიც ნარკოტკებს ე.წ. დადების პრინციპით ასხვისებდნენ, ფული კი ნარკომომხმარებლებისთვის დისტანციურად გაგზავნილ საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა.
ტრანსნაციონალური დანაშაულის ორგანიზატორებს გამოძიება ფულის გათეთრებასაც ედავება. საქმის მასალებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზება სხვადახვა გზით ხდებოდა. მათ შორის კვიპროსსა და თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინეს ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება, სახლები და ავტომობილები. შავი ფულის ქვეყნიდან გატანის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელით გახსენეს არაერთი საბანკო ანგარიში. 15 მილიონ ლარზე მეტი, 2,5 მილიონი დოლარი და ათასობით ევრო – ასეთია 2021 წლიდან დღემდე ნარკოტიკების კონტრაბანდით მიღებული შემოსავალი.
დაკავებულების საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკები, ფულად თანხა და ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს. მოსამართლის განჩინებით, ყადაღა დაედო დანაშაულებრივი მიზნით შექმნილ საბანკო ანგარიშებს.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება გრძელდება. არ გამორიცხავენ, რომ ძიების კვალმა სამართალდამცველები საქმის სხვა ფიგურანტებზე გაიყვანოს.