საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში გაიმართება ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ დაესწრება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად უმასპინძლებს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს.
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს; გაიმართება სპექტაკლებიც.
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, ფესტივალში მონაწილეობენ მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა რეგიონიდან.
საფესტივალო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი „მარგალიტი“, საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი; თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, რომელიც წარმოადგენს რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლებს – „იავნანამ რა ჰქმნა?!“ და „საქართველო“; ქუთაისის კამერული გუნდი; ანსამბლი „ბასიანი“; ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრი (წარმოადგენს ორ სპექტაკლს – „ხალდე“ და „ჩემო კალამო“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე)); ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“; ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („მატარებელი“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე); ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი („ფიროსმანი“, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი); ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი“; თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი („ყველაფერი ნამდვილი იყო“ (რეჟისორი ივანე ხუციშვილი); ეთნოჯაზჯგუფი „ირიაო“; ფოლკლორული ანსამბლი „იალონი“.
ფესტივალი 20 აგვისტოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“, კონცერტით დაიხურება.
სამინისტროს განცხადებით, ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი. ფესტივალი ნათელი მაგალითია იმისა, რომ კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს გეგმას, რომლის მიხედვით ჩვენს ქვეყანას ლევილის სახით ევროპაში ექნება მრავალპროფილური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და გაგრძელდება ტრადიცია, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა ჩაუყარეს საფუძველი.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 2016 წელს, 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის, ძალისხმევის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა.
2021 წლის ზაფხულში პროექტი, სახელწოდებით „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა“, გადაეცა ახალშექმნილ უწყებას – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.