გემზე სტანდარტული პროცედურების გავლის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის პროცედურას გადის, ყველა გემი, რომელიც შემოდის ნავსადგურში.
მისი თქმით, სამართალდამცველები გემზე კანონის წესების სრული დაცვით იყვნენ ასულები.
„ნებისმიერი საკრუიზო გემი, რომელიც შემოდის ბათუმის ნავსადგურში, არის სტანდარტული პროცედურა, პოლიცია ადის, ამოწმებს და იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე“, – განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.
შსს-ში აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მესაზღვრე-კონტროლიორები შესაბამის შემოწმების პროცედურებს შემოსულ გემებზე ახორციელებენ.
საკრუიზო ლაინერს, რომელიც ბათუმში დილის 06:00 საათისთვის შევიდა, აქციებით დახვდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლაინერამდე მისასვლელი გზა გადაუკეტეს, რასაც სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, დააკავეს 9 ადამიანი.