რუსეთს ამჟამად არ აქვს უკრაინის პორტების ოკუპაციის შესაძლებლობა, ამიტომ მათზე ყველა თავდასხმა აბსოლუტურად ტერორისტული ქმედებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ მაუწყებელთან, Globo-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ადეკვატურია თუ არა, რომ ადამიანი თავს ესხმის პორტებს? მოდით მხოლოდ ამაზე ვისაუბროთ. მას [პუტინი] არ შეუძლია ამ პორტების დაკავება. ანუ ეს არ არის სამხედრო ქმედება. ომზეც კი არ არის საუბარი. ანუ, ჩვენს პორტებში ვერ შევა. შეუძლებელია. მას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ უბრალოდ ჩავძირავთ მის მთელ ფლოტს, თუ ის ჩვენთან ახლოს მოვა. და ეს მან მშვენივრად იცის.
ანუ სამხედრო სამიზნე არ არის. ის ისვრის ოდესაში, პორტებში და ისტორიულ ცენტრში… და აქ თქვენ უნდა უპასუხოთ კითხვას „რისთვის?“. აქ არ არის მარცვლეული. ეს არის ტერორიზმი, ტერორისტული აქტი, ხალხის დატერორება…“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი არაადეკვატური ადამიანია და მსოფლიოს დიდი ნაწილიც ამ გაგებისკენ მიდის.