“უკრაინელებმა 30 ივლისის ღამეს რიგით მესამე საჰაერო დარტყმა განახორციელეს მოსკოვზე. მასში სამი დრონი მონაწილეობდა და ორი მათგანი მოსკოვის ცენტრში აფეთქდა. პარალელურად 25-მა უკრაინულმა დრონმა ოკუპირებულ ყირიმსაც შეუტია. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ასეთი დარტყმები მომავალში სავარაუდოდ გახშირდება და ამას სამხედროსთან ერთად ფსიქოლოგიური ეფექტიც ექნება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მესამე დარტყმა მოსკოვზე – ამჯერად უკრაინული დრონები “მასკვა-სიტის” მიწვდნენ.
“რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ “მასკვა-სიტიში” მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა და დაშავდა ერთი ადამიანი. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სამი დრონით განხორციელდა. ერთი მათგანი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ჰაერში გაანადგურეს, ორი კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს და მოსკოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდარის გამო დროებით იყო დახურული ვნუკოვოს აეროპორტი. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინელები უკვე მესამედ მიწვდნენ მოსკოვს. პირველად მსგავსი რამ მაისის დასაწყისში მოხდა, მეორედ – 24 ივნისს და მესამედ კი – გასული შაბათის ღამეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მოსკოვთან ერთად დაიბომბა ყირიმიც, ყირიმსაც 25 დრონით შეუტია უკრაინამ. ამ ყველაფერს ორგვარი დატვირთვა აქვს. პირველი, უფრო სამხედრო მნიშვნელობის, ყირიმთან დაკავშირებით და ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური, ალბათ, მოსკოვთან დაკავშირებით. ეს არის უბრალოდ უკრაინელების მხრიდან განხორციელებული კომპლექსური დარტყმები, როგორც ჩანს, უკრაინელები გადავიდნენ ახალ ტაქტიკაზე – მოსკოვს და ყირიმს დაარტყან ერთდროულად. უკრაინელების ეს მოქმედება საერთაშორისო სამართლის პრინციპებში აბსოლუტურად ჯდება – თუ მოსკოვი ბომბავს კიევს, რა, უკრაინას არ შეუძლია დაბომბოს მოსკოვი?!” – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.