სტიქიის დაწყებიდან უმალვე განხორციელდა ყველა ღონისძიება. სხვა ქვეყნის დახმარება საჭირო რომ ყოფილიყო, არაერთხელ მიგვიმართავს და ამ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა, რაც შეიძლებოდა, გაკეთებულიყო.
„სტიქიის დაწყებიდან ძალიან მალე ადგილზე იყვნენ მაშველები, შემდეგ – ვერტმფრენები. უმალვე განხორციელდა ყველა ღონისძიება. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდა, რაც კი შეიძლებოდა, გაკეთებულიყო. ჩვენი სამაშველო სამსახურების შეფასებით, სხვა ქვეყნის დახმარებით მეტი ვერ გაკეთდებოდა. ამის საჭიროება რომ ყოფილიყო, ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს. ხანძარი გვქონდა შარშან, მივმართეთ ჩვენს მეზობლებს და მათგან დახმარება მივიღეთ. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
კითხვაზე, რატომ არ აწვიდნენ ოფიციალური პირები საზოგადოებას ინფორმაციას, რატომ არ ტარდებოდა ბრიფინგები, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ შესაბამისი პირების მიერ საზოგადოების ინფორმირება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„არ ვიცი, რა ბრიფინგზე საუბრობთ. ადგილზე იყო რამდენიმე მინისტრი. ჩასული იყო პრემიერ-მინისტრი, მან გააკეთა განცხადებები. მუდმივად ხდება ჩართვა სხვადასხვა მინისტრის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის. სრული ინფორმირება ხდება მუდმივ რეჟიმში. ადგილზე მობილიზებულია მედია. ჩვენი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელი დღეში რამდენიმე კომენტარს აკეთებდა არსებულ პროცესებთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა. ამ ადამიანებმა შეძლეს, რამდენიმე დღეში პირველადი შეფასება გაეკეთებინათ. ისე ხომ არ არის, რომ ავედით, რაღაც დავათვალიერეთ და დასკვნა დავდეთ. ზოგიერთი ამბობს, ნაჩქარევი დასკვნააო. დღე და ღამ მუშაობდნენ ადამიანები, რათა პირველი პასუხები ჩვენ გვეთქვა. ადამიანები სხვადასხვა სახის ინფორმაციას ავრცელებდნენ, მაგრამ ჩვენ ვართ სახელმწიფო ორგანო და რასაც ვამბობთ, რა განცხადებასაც ვაკეთებთ, პასუხისმგებელი ვართ, ინფორმაციები იყოს დაზუსტებული. სწრაფად და მოკლე ვადებში გაკეთდა პირველი შეფასება, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.