საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის თანატოლთა გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა 6:2.
უხვგოლიან მატჩში ანგარიში ნიკოლოზ ყველაშვილის პასის შემდეგ სანდრო ავალიანმა გახსნა. შეტევა მეკარემ წამოიწყო და სულ რვა მოთამაშე მონაწილეობდა. მალე სანდრო ავალიანმა მეკარეს შეცდომა არ აპატია და ბურთის თავზე გადაგდებით დუბლი შეასრულა. მესამე გოლი ნიკოლოზ ნინიძის ანგარიშზეა, რომელმაც ასევე მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლა და სხვაობა სამამდე გაზარდა.
მასპინძლებმა, პირველ ნახევარში, სხვაობის შემცირება, 31-ე წუთზე შეძლეს, როდესაც ანესმელიქი კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს საჯარიმოში ზუსტად დახვდა და თავური დარტყმით შეძლო გოლის გატანა – ამჯერად მან ქართველი მეკარის შეცდომით ისარგებლა.
მეორე ნახევარში, მასპინძელთა თავდამსხმელმა ამირ ნუჰიამ შეტევისას ქართველი მცველი, ნიკა ცეცხლაძეს ჩვენს საჯარიმოში წააქცია და ადგილობრივმა მსაჯმა პენალტი უსაფუძვლოდ დანიშნა, ჯარიმა კი ნიკოლა ველიჩოვსკიმ გამოიყენა. თუმცა, ჩრდილომაკედონიელებს იმედები ლექსო ფეიქრიშვილმა გადაუწურა, რომელმაც გივი ხაჩიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტით ჩვენი გუნდის უპირატესობა ისევ გაზარდა. მატჩის მიწურულს კი 19-წლამდე ნაკრების ფორმით მეტოქის კარის აღება გიორგი გოგსაძემ და დანიელ ქვარცხავამ შეძლეს – 2:6. ამ უკანასკნელმა მეკარის მოგერიებული ბურთი საკუთარი საჯარიმოდან წამოიღო, დაახლოებით 70 მეტრი ირბინა, სამ მცველს აჯობა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.
ვასილ მაისურაძის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ მეორე ტესტ-მატჩს 14 აგვისტოს, ისევ სკოპიეში, პეტარ მილოშევსკისსახელობის მოედანზე გამართავს.
ჩრდილოეთ მაკედონია U19 – საქართველო U19 2:6
გოლები: 0:1 ავალიანი (6. ყველაშვილის პასით), 0:2 ავალიანი (17), 0:3 ნინიძე (25), 1:3 მელიქი (31), 2:3 ველიჩოვსკი (60), 2:4 ფეიქრიშვილი (79), გოგსაძე (90), 2:6 ქვარცხავა (90+5. კოპალიანის პასით)