“თუ ამ შემთხვევაშიც უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც არის ინფორმირებული”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც შუალედურ არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატები წარადგინა.
მისივე თქმით, ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია.
„ნებისმიერ არჩევნებში არ მონაწილეობა ნიშნავს სისუსტის აღიარებას. ასე იყო წინა შემთხვევებშიც. რეალურად ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ხედავთ, რა ვითარებაა. მათ აქვთ ძალიან დასუსტებული პოზიციები და ძალიან შემცირებული რეიტინგები, რაც ბუნებრივი არის, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილია. რაიმე პარტიულ სიძლიერეზე ლაპარაკი ზედმეტია. როცა მათი არაფორმალური მმართველია კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ა.შ. იქ ვერ იქნება ოპოზიცია ძლიერი. იგივე ეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ არჩევნებში არ მონაწილეობა არის საკუთარი სისუსტის აღიარება“, – განაცხადა კობახიძემ.