თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას მიაგეს პატივი. ეროვნულ გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ქართველი გენერლის ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 2021 წელს გადმოასვენეს და მშობლიურ მიწას 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს მიაბარეს.
გენერალი გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.