საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებისთვის 1000 ერთეული ცეცხლმედეგი ფორმა და სპეციალური აღჭურვილობა შეიძინა, რომლის ჯამური ღირებულება 3 491 000 ლარს შეადგენს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცეცხლმედეგი ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა თავის მოადგილესთან, ზურაბ პავლიაშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი ცეცხლმედეგი საერთაშორისო „EN“ სტანდარტის ფორმა-აღჭურვილობა სამომავლოდ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში განაწილდება.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს პირადი შემადგენლობის ევროპული სტანდარტების სპეციალური ფორმებით, აღჭურვილობითა და ავტო-ტექნიკით მომარაგებას, ასევე სისტემატურად ახორციელებს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს“, – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციაში.