“უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის, ანდრეი კოვალევის განცხადებით, ზაპოროჟიეს რეგიონის სამხრეთ ფრონტზე რობოტინოს მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას მიაღწიეს. გარდა ამისა, როგორც კოვალოვმა აღნიშნა, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევას მელიტოპოლის მიმართულებით. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები საარტილერიო ზარალს აყენებენ მტრის სამიზნეებს. შეტევითი მოქმედებები გრძელდება ბახმუტის მიმართულებითაც. გენშტაბის სპიკერის თქმითვე, მტერმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები განახორციელა დონეცკის ოლქის ავდიივკას, მარინკასა და ნოვომიხაილივკას რაიონებში. უკრაინის თავდაცვის ძალები სოფელ რაბოტინოდან მოსახლეობას ევაკუაციას ხოლო უკრაინელი მებრძოლები დაგეგმილ საბრძოლო სამუშაოებს აწარმოებენ და მტერს ანადგურებენ. საპასუხოდ, რუსები განუწყვეტლივ რაბოტინოს არტილერიით ბომბავენ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მიმართულებით მიიწევენ წინ უკრაინელები – “რობოტინესთან დიდია განადგურებული რუსული ტექნიკის რაოდენობა, ისევე, როგორც ტყვეების”.
“მოსკოვის მერის, სერგეი სობიანიანის თქმით, ქალაქის ცენტრში მშენებარე შენობას უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა. ამის პარალელურად კი მოსკოვზე დრონებით თავდასხმა არ წყდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, დრონი ელექტრონული საბრძოლო სისტემით ჩაახშეს, თუმცა, მან კონტროლი დაკარგა და შენობას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ჩაიმსხვრა შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ორ-სართულიანი კორპუსის რამდენიმე ფანჯარა. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონის მოჟაისკის და ხიმკის რაიონებში კიდევ ორი დრონი ჩამოაგდეს. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთმა მომხდარი შეაფასა, როგორც “კიევის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული აქტი”. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით კი, უკრაინა ყირიმს სამხედრო გზით დააბრუნებს, რადგან სხვა ვარიანტი ჯერ არ არსებობს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენ მას გავათავისუფლებთ. დიდი ალბათობით, ეს მოხდება სამხედრო გზით, თუ აგრესორ ქვეყანას ამ დროისთვის არ ესმის, რომ მან უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია, სხვა გზა არ გვაქვს”, – განაცხადა დანილოვმა. მისი თქმით, ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი თაობები მშვიდობიანად ვერ იცხოვრებენ და ომი შთამომავლებს გადაეცემა. “მხოლოდ რუსეთის ყირიმის ტერიტორიიდან განდევნით გავიგებთ, რომ ჩვენს სახელმწიფოს ექნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები გარკვეული პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა დანილოვმა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ყირიმის დეოკუპაციის გარდა სხვა გზა არ შეიძლება არსებობდეს. “რთული იქნება? დიახ, რთული იქნება. ფარულად შეეცდებიან დაგვიყოლიონ? დიდი ალბათობით, შეტყობინებებს გამოაგზავნიან”, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთთან შეთანხმებას საბედისწერო შეცდომას უწოდებს. წერს, რომ ყველანაირი გარიგება ამ ქვეყანასთან ომის შემდეგ ეტაპებში პირდაპირი ინვესტიციაა”, – განაგრძობს გამოცემა.
“ნათელია, რომ განმეორებითი საბედისწერო შეცდომები კაცობრიობის ისტორიის უბედურებაა. თუმცა, ჯერ კიდევ აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერი კომპრომისი, ნებისმიერი შეთანხმება, ნებისმიერი გარიგება რუსეთთან, ფაქტობრივად, პირდაპირი ინვესტიციაა ომის შემდგომ ეტაპებში. სერიული აგრესორის დიპლომატიური დამშვიდების ნებისმიერი მცდელობა არის არა მხოლოდ წახალისება, არამედ, უკრაინელების მასობრივი მკვლელობის თანადაფინანსება და კლასიკური ოკუპანტისა და კრიმინალის სამართლებრივი დაუსჯელობა”, – წერს სოციალურ ქსელში პოდოლიაკი. საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი და “ჯიპას” პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უკრაინელებს წინსვლა რობოტინეს სამხრეთით აქვთ, სადაც რუსულ პოზიციებს უტევენ. პროფესორი “რეზონანსთან” ამბობს, რომ რობოტინეს წმენდა პრაქტიკულად დასრულდა, მაგრამ დასახლების უშუალო მომიჯნავედ, სამხრეთით, შეტაკებები კვლავ მიმდინარეობს, ისევე როგორც გაწმენდითი ოპერაცია. სწორედ ამიტომ დასახლებაში ჯერ დროშა არ აღმართულა”, – დასძენს გამოცემა.
“ამ ეტაპზე უკრაინელები აქტიურად ბომბავენ რუსულ პოზიციებს ნოვოპროკოპივკაში რობოტინეს სამხრეთით, სადაც არამხოლოდ რობოტინედან უკუქცეული რუსები აფარებენ თავს, არამედ დამხმარე რეზერვებიც. საარტილერიო დაბომბვა ძალიან ინტენსიურია. ფაქტობრივად ამ მხრივ უპირატესობა უკრაინელთა ხელშია. ამ სექტორზე უკრაინული დანაყოფები როგორც კოპანის მიმართულებით გააქტიურდნენ, ასევე ვერბობესაკენაც. პრაქტიკულად მათი შეტევა რუსული პოზიციების წინააღმდეგ არამხოლოდ ცენტრში რობოტინე-ნოვოპროკოპივკა – არამედ ფლანგებიდანაც ვითარდება. რობოტინესთან დიდია განადგურებული რუსული ტექნიკის რაოდენობა, ისევე როგორც ტყვეები. უკრაინელები საკმაოდ თამამად აყრიან ტექნიკას ერთი მიმართულებით და არც დანაკარგს ერიდებიან. უკრაინელებმა ტოკმაკის ირგვლივ რუსული ფორტიფიცირებული პოზიციები ინტენსიურად დაბომბეს. განადგურდა სამეთაურო პუნქტიც. დაიბომბა ბერდიანსკიც”, -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.
“კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელებმა რუსული კოლონა გაანადგურეს. საპასუხოდ, რუსებმა მდინარე ოსკილის ხიდებზე მიიტანეს იერიში. ხმელეთზე სიტუაცია უცვლელია, რუსები წინსვლას ვერ ახერხებენ. მსხვერპლი მათ რიგებში დიდია. იმისათვის, რომ თავიანთი ამხელა მსხვერპლი გაემართლებინათ, რუსებმა გაავრცელეს ცრუ პროპაგანდისტული ვიდეო, თითქოს ამ მიმართულებით მათ სინკივკა აიღეს, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ვიდეო ბახმუტის სამხრეთით იყო გადაღებული, ხოლო სინკივკა უკრაინელთა მყარ კონტროლში რჩება. შეტაკებები დასახლებაში არცკი მიმდინარეობს. უცნობია რა ხდება ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. უკრაინელები დუმან, ხოლო რუსები აქტიურ უკრაინულ საარტილერიო დარტყმებზე და სანაპიროს ირგვლივ შეტაკებებზე საუბრობენ”, – ამბობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება ზელენსკის ბალკანური ტურნეს, ძალაინ შედეგიანი აღმოჩნდა. წარმატებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბულგარეთის ხელთ არსებული ქვეითთა საბრძოლო მანქანების უკრაინისათვის გადაცემაზე ისევე, როგორც უკრაინული მარცვლეულის ბულგარეთის გავლით გატანის შესახებ. მაგრამ ერთ-ერთი კულმინაციური მომენტი მაინც სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და ზელენსკის შეხვედრა გახლდათ. ზოგადად, გარკვეულწილად, ბულგარეთი და დიდწილად სერბეთი რუსეთის დასაყრდენადაა მოაზრებული ევროპაში, თუმცა სახელმწიფო ინტერესები მიამიტობა და ბავშვობა არაა და არც ერთი ეს ქვეყანა რუსეთზე სრულ დამოკიდებულებას მის ინტერესებად არ მოიაზრებს. ამ გაგებით ბულგარეთი, ძირითადად, გამოსულია რუსული საყრდენიდან ხოლო სერბეთი ბალანსის პოლიტიკას ცდილობს, თუმცა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ღია მხარდამჭერია“, – დაასკვნის კობერიძე.