ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის რვა თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 739 ფაქტი გამოვლინდა.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოში აცხადებენ, „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1 245 კუბური მეტრი შეადგინა.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, მხოლოდ გასულ თვეს, აგვისტოში 69 ფაქტი გამოვლინდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ჯამში, სხვადასხვა სახეობის 85 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის 50 კუბურ მეტრამდე მოცულობის – საშეშე, ხოლო 35 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი ამოიღეს.
„აგვისტოში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 25 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამი – მცხეთა-მთიანეთის, 13 გამოვლენილია ქვემო ქართლის, 9 – სამცხე-ჯავახეთის, 7-7 ფაქტი – შიდა ქართლის და იმერეთის, ოთხი გამოვლენილია გურიის, ხოლო ერთი რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში“, – აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.