ქართველ დისიდენტებში სრული გაკვირვება გამოიწვია სახაროვის პრემიაზე ნინო ლომჯარიას წარდგინებამ, რაც ევროპელი კონსერვატორების და რეფორმის ჯგუფმა განახორციელა.
დისიდენტების აზრით, ლომჯარიასთვის მხოლოდ ერთი პატიმარი არსებობდა – მიხეილ სააკაშვილი და მის გამო სიმართლის თქმას არაფრად დაგიდევდათ.
განსხვავებულად ფიქრობენ „ევროპელი კონსერვატორების“ და „რეფორმის ჯგუფის“ წარმომადგენლები. ისინი თვლიან, რომ „მთელი ბრძოლის მანძილზე ურყევი შთაგონების შუქურად ერთი ინდივიდი გამოირჩევა – ნინო ლომჯარია, რომელსაც ჰქონდა გამბედაობა, მხარი დაეჭირა დისკრიმინირებული ადამიანებისთვის, მათ შორის, სააკაშვილისთვის“.
რაც შეეხება თავად სახაროვს, რომლის პრემიაც 1988 წლიდან გაიცემა და რომლის მფლობელებიც არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, ალექსეი ნავალნი, უკრაინელი ხალხი, ამ რუსი დისიდენტის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია. საქართველოს მოქალაქეთა კოლექტიურ მეხსიერებას უსიამოვნოდ შემორჩა ანდრეი სახაროვის ერთი ფრაზა – „საქართველო მცირე იმპერიაა“. ეს ფრაზა აიტაცეს საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლმა ძალებმა მოსკოვში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სეპარატისტულად განწყობილმა ადამიანებმა.
სახაროვს ღირსეული პასუხი გასცა ზვიად გამსახურდიამ, რომელმაც რუსეთის დისიდენტს საქართველოს ისტორიის ცოდნა დაუწუნა და განუმარტა, რომ საქართველოს არც აფხაზეთი დაუპყრია, არც სამაჩაბლო.
ანტისაბჭოთა საქმიანობამდე სახაროვი მეტად არაჰუმანური გზით მივიდა. ფიზიკოსი სახაროვი თავადაც აღიარებდა წარსულის შეცდომას – საბჭოთა წყალბადის ბომბის შექმნას: „როცა ამ საშინელ იარაღზე-წყალბადის ბომბზე დავიწყე მუშაობა, სუბიექტურად მიმაჩნდა, რომ მშვიდობას და ბალანსის დაცვას ვემსახურებოდი ამ სამყაროში“. სახაროვის მიერ შექმნილ იარაღს „ცარ-ბომბის“ სახელით იცნობდნენ დასავლეთში. მისი აფეთქების სიმძლავრე 1570-ჯერ აღემატებოდა ხიროსიმა-ნაგასაკის ერთად აღებულ აფეთქებებს.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აბსოლუტურად არალოგიკურია სახაროვის პრემიის გადაცემა ნინო ლომჯარიასთვის. ნანა კაკაბაძის აზრით, სად ქართველი ხალხი და სად ლომჯარია, რა შუაშია ქართველ ხალხთან ერთი კინკილა მოქალაქე-ლომჯარია. როგორ შეიძლება ლომჯარიას იდენტიფიცირება მოახდინონ საქართველოსთან?!
„ლომჯარია ხალხის რჩეულია? საყოველთაო არჩევნებით არჩეული ომბუდსმენია? იგი პარლამენტის მიერ დანიშნული ადამიანი იყო. სწორედ ლომჯარიას უპირებენ, რომ იგი გახდეს ქართული მეიდნის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ამიტომ აძლევენ სახაროვის პრემიას. ჯერ ერთი, სახაროვმა შექმნა ატომური ბომბი, ეს გამანადგურებელი იარაღი მისი გამოგონილი იყო, მეორეც, სახაროვს და მის მეუღლეს-ელენა ბონერს ანტიქართული დამოკიდებულება ჰქონდათ“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
მანვე გაიხსენა, რომ, მართალია, მოგვიანებით სახაროვი ანტისაბჭოთა მოღვაწე გახდა და დისიდენტურ სამყაროში მიღებული იყო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფრის გადაფასება ხდება, ქართველებმაც წარსული გადავაფასეთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ყველაფერი ზედაპირზეა, რასაც ეს ადამიანები გეგმავდნენ და აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ერთი მხრივ, ამ ადამიანების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით საშინელი და მიუღებელი იყო, როგორც ერისთვის, რომელსაც მცირე იმპერიას უწოდებდნენ, და მეორე მხრივ, გამანადგურებელი იარაღის – ატომის შექმნა მთელ მსოფლიოს ემუქრებოდა.
„სიმბოლურია, რომ მსოფლიოს გამანადგურებლის და საქართველოს დაშლის მომხრის ჯილდოს აძლევენ ლომჯარიას. ლომჯარიამაც იგივე თქვა, მირჩევნია, ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო. ამისთანა ადამიანს რომ პრემიას აძლევენ და აფინანსებენ, ეს ხომ თავისთავად მეტყველებს ჩვენი „პარტნიორების“ ტენდენციაზე“, – ამბობს ნანა კაკაბაძე.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ სახაროვი იდეალისტი იყო, ადამიანის უფლებების თავგანწირული დამცველი საბჭოთა კავშირში, თუმცა მანამდე მან უდიდესი წვლილი შეიტანა თერმობირთვული ბომბის დამზადებაში და შეიმუშავა ამერიკის განადგურების და მთელი სანაპიროს ჩაძირვის ფანტასტიკური გეგმა.
პეტრე მამრაძის შეფასებით, სახაროვი თავიდან „მორწმუნე“ სოციალისტი იყო. მერე რომ დაინახა, რასაც წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი, გადაერთო სხვა ტალღაზე. მისი იდეალიზმი იმაში მდგომარეობდა, რომ ნებისმიერი ვინმე, თუკი ითხოვდა გამოყოფას მთლიანი ქვეყნიდან, უნდა გამოყოფილიყო, რასაც გაეროც კი ეწინააღმდეგება. სწორედ მაშინ თქვა სახაროვმა, საქართველოც პატარა იმპერიაა, რომელიც უსათუოდ უნდა დაიშალოსო.
„მეტსაც გეტყვით, ეს იდეა მაშინვე აიტაცა ვალერია ნოვოდვორსკაიამ, სახაროვის სიტყვები მცირე იმპერიის შესახებ არაერთხელ გაიმეორა და სააკაშვილმაც არ დააყოვნა, ნოვოდვორსკაია ჩამოიყვანა საქართველოში და ილიაუნის საპატიო პროფესორის მანტია მოასხა. ეს სააკაშვილის ხელწერა იყო. რაც შეეხება ლომჯარიას, მან სრულიად სამარცხვინო რამ გააკეთა და მე, როგორც ადამიანს, რომელსაც ნამუშევარი მაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ჯერ იმ კომიტეტში, სადაც სანდრო კავსაძე იყო თავმჯდომარე, შემდეგ უკვე 2008 წელს პარლამენტში, სადაც ოპოზიციაში გადასვლამდე პირველი მოადგილე ვიყავი ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში, მიმაჩნია, რომ ომბუდსმენის მოვალეობაა, თანაბრად დაიცვას ყველა პატიმრის უფლება, მათ შორის, სერიული მკვლელის. ლომჯარიამ კი ღიად გამოაცხადა, მე რომ დავამახსოვრდე ხალხს, როგორც თუნდაც ერთადერთი ადამიანის-მიხეილ სააკაშვილის უფლებების დამცველი, ამითაც ბედნიერი ვიქნებიო, ანუ ლომჯარიამ ხელი მოაწერა სხვა პატიმრების უფლებების გათელვას. როცა ლომჯარიამ სააკაშვილის შესახებ ეს ფრაზა წარმოთქვა, იქვე მჯდომმა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ხმამაღლა უთხრა, დიახ, თქვენ ამაში ნამდვილი ჩემპიონი ხართო, ეს გამაოგნებელი იყო. რაში იყო ჩემპიონი ლომჯარია, ვეკითხებოდი კელი დეგნანს ღია ეთერით, რომ ყველას თვალწინ ფეხქვეშ გათელა ომბუდსმენის პრინციპი?!“ -აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსის აზრით, ომბუდსმენი ვალდებულია, ყველა პატიმარზე სიმართლე თქვას. ლომჯარიამ შესანიშნავად იცოდა, რომ სააკაშვილი იყო და დღესაც არის საკურორტო პირობებში, დათმობილი აქვს პალატები, დედამისის მიერ შერჩეული 12 ექიმი თავს დასტრიალებს, პერსონალი მის ნებისმიერ კაპრიზს ასრულებს, სააკაშვილს შეეძლო ეჭამა, რაც უნდოდა, მაგრამ იმიტირებდა წაქცევას და გულის წასვლას, ლომჯარია ვალდებული იყო, ეს სიმართლე ეთქვა ქართველი ხალხისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რომ სააკაშვილი თაღლითობდა. ბოლოს და ბოლოს, სტრასბურგშიც დასაბუთდა ხელისუფლების სიმართლე. სტრასბურგამდე ეს ლომჯარიას უნდა ეთქვა, მაგრამ მან თაღლითობის და ცილისწამების გზა აირჩია.