მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დასრულდა. ახალ სკვერში, დღეს მოსახლეობისთვის ქართული კინომუსიკის საღამო გაიმართა.
,,რუსთავის მერია მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას. როგორც ცენტრალური ქუჩების განვითარებაა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ასევე პრიორიტეტულია შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა ისე, რომ ბავშვებს სპორტული აქტივობების შესაძლებლობა ჰქონდეთ და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის იყოს მისაღები გარემო. 21-ე მიკრორაიონში, სწორედ ასეთი სივრცე შევქმენით მათთან ერთად“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის ფარგლებში, 21-ე მიკრორაიონის #7, #8 და #9 საცხოვრებელი შენობების მიმდებარედ, 3486 კვადრატულ მეტრ ფართობზე, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედანი, ატრაქციონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ფანჩატური, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, დასასვენებელი და მწვანე ზონები მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სპორტულ მოედანს, დაირგო სხვადასხვა სახეობის 142 ძირი ხე-მცენარე. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 414 439 ლარით დაფინანსდა.