შარშან ივნისში ვნახეთ რადიკალური ოპოზიციის წარმატებული მცდელობა, როდესაც ატეხილი პანიკით, აჟიოტაჟით, დეზინფორმაციით საქართველოს წინააღმდეგ, მიაღწიეს იმას, რომ საქართველოს უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და წელსაც ზუსტად იგივე მცდელობები იყო, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე აღიარეს, ასე რომ უკვე ფაქტია, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა ყველაფერს აკეთებდა, იმისთვის რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო.
„ახლა დაიწყეს ახსნების ძიება, მათ შორის გეოპოლიტიკაზე საუბრობენ. რა შეიცვალა შარშანდელი ივნისიდან გეოპოლიტიკაში? შავი ზღვა დაშრა და სახმელეთო საზღვარი გაგვიჩნდა ევროკავშირთან თუ რა ცვლილება არის ისეთი, რომელმაც შარშანდელ ივნისთან შედარებით წელს პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა [საქმე]. სინამდვილეში, მაშინ ცდილობდნენ დეზინფორმაციით ნეგატიური აღქმა შეექმნათ საქართველოსთან დაკავშირებით. მათი დეზინფორმაციული შტურმი მაშინ წარმატებული აღმოჩნდა. ამ ჯგუფებმა, მათმა პოლიტიკურმა მფარველებმა უცხოეთში შეძლეს, რომ ევროკავშირმა მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, რომ წელს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.