“კურიერმა” “ავერსის” კლინიკიდან გაქცეული პატიმრების, რომელთა დაკავების შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, საქმის დეტალები ექსკლუზიურად გაარკვია. „კურიერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ნიკა თოიძეა, რომელიც სასჯელს 2 წლის წინ მომხდარი დაჭრის საქმეზე იხდის. მეორე დაკავებული არასრულწლოვანია.
სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს საბადრაგო ჯგუფის წევრიც, რომელმაც პატიმრები “ავერსის” კლინიკაში გადაიყვანა. საქმის შესახებ სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლის ვინაობის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს არ გაუვრცელებია. უცნობია ისიც, აღიძვრება თუ არა საქმე სხვა ბადრაგების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, “ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.
“ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 379-ე მუხლით დაიწყო, რაც პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანისას, მსჯავრდადებულების ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს. მუხლი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.