ვეძებთ ყველა შესაძლო დეტალს რაც დამატებით ნათელს მოჰფენს ამ უმძიმეს დანაშაულს. დღეისთვის ოქროს მოწმე, რომელზეც დაბეჯითებით შეგვიძლია ვისაუბროთ, არის ის პიროვნება, რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლის ოჯახშიც დაუყოვნებლივი დაბრუნება მოვითხოვეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„დღევანდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ანტიჰუმანური ხასიათი რაც აქვს ზოგადად ოკუპაციას და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნას. პირველ რიგში ჩვენ უნდა დავაბრუნოთ უკანონოდ დაკავებული მეორე პირი, რათა დავრწმუნდეთ მის უსაფრთხოებაში და იმაშიც, რომ მას არავითარი დაზიანება არ აქვს“, – აღნიშნა ანთაძემ.