რამდენიმე საათი ევროკომისიის შუალედური დასკვნის გასაჯაროებამდე – ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.
ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, მათ შორის დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებაც იქნება შეფასებული.
მანამდე კი საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარებს ევროპარლამენტარები აკეთებენ – ევროპარლამენტის დეპუტატი ესპანეთიდან ნაჩო სანჩეს ამორი მიიჩნევს, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ასევე, მისი თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე საქართველომ საკმაო ძალისხმევა ჩადო.
“ჩემი პერსონალური აზრია, რომ ჩვენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მივანიჭოთ. საქმე ეხება ამ 12 პუნქტის განხორციელებაში ქვეყნის მიერ გაწეულ ძალისხმევას და დარწმუნებული ვარ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის შეასრულოს. ჩემთვის დიდი შეცდომა იქნება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებულ, სხვა ნაბიჯზე ხილვა, ასე ვფიქრობდი თავიდანვე, როდესაც საქართველო სხვა დონეზე დააყენეს. ეს იყო პოლიტიკური შეცდომა და მოდით ამ პოლიტიკურ შეცდომას ნუ გავიმეორებთ.
რაც შეეხება იმას თუ რატომ გვსურს გაფართოვება, აქ რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი: ისტორიის მანძილზე გაფართოვება ყოველთვის ნაკარნახევი იყო გეოპოლიტიკური საკითხებით, თუმცა არა მხოლოდ. შესაძლოა გაფართოვების პროცედურები ნაკარნახევი იყოს გეოპოლიტიკური ფაქტორებით, მაგრამ ეს პროცედურები საბაზისო წესებსა თუ დამსახურებას ეფუძნება, საუბარია ძალიან ბევრ ტექნიკურ და პოლიტიკურ საკითხზე და ეს რეფორმების გრძელი გზის დასაწყისია, რაც ევროკავშირის წევრობამდე მიდის,” – აცხადებს ნაჩო სანჩეს ამორი.
საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მხარს უჭერს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან სერგეი ლაგოდინსკიც, თუმცა ამბობს, რომ პირველ რიგში ევროკომისიის ანგარიშს უნდა დაველოდოთ.
“მე ვიზიარებ აზრს, რომ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ კომისიას და ვნახოთ თუ რას იტყვის ის ანგარიშში. თუმცა, ამასთან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგ ნაბიჯზე გადავიდეთ. მე ვიზიარებ იმ შეშფოთებასაც, რაც საქართველოში შექმნილ სიტუაციას უკავშირდება, თუმცა იმასაც ვხედავ, რომ გვჭირდება პოზიტიური სიგნალების დანახვა ორივე მხარეს საქართველოში. პირადად მე მხარს ვუჭერ თქვენ ნებისმიერ ევროპულ მისწრაფებას.
გაფართოვება არ ეხება მხოლოდ ჩვენს ღირებულებებს, არამედ ინტერესებსაც. ჩვენ ახლა იმ სიტუაციაში ვართ, როდესაც გაფართოვების საკითხი ამავდროულად ეხება აგრესიული, იმპერიალისტი მეზობლისგან ჩვენი სამეზობლოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასე უნდა შევხედოთ საკითხს. ამასთან, ისიც ნათელია, რომ ასე უბრალოდ ვერ გავფართოვდებით, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ევროკავშირის რეფორმირება და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დავინახავთ, რომ კანდიდატ ქვეყნები ასევე მაქსიმუმს აკეთებენ ამ გზაზე,” – აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.