მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანამ, ხალხმა და სიმართლემ გაიმარჯვა დღეს.
„მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა, არაერთი დესტრუქციული ქმედებისა შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებების, ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა, სიმართლემ გაიმარჯვა და და კიდევ ერთხელ, მე გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას.
ჩვენ შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, რადგან საქართველომ მაშინ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი დამაბრკოლებელი და გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა დღეს ამაყად შეიძლება თქვათ, რომ დამსახურებულად მივიღეთ დღევანდელი დღე. მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა და ეს არის უდავოდ ძლიერი, წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.