ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დღეს საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. პია კაუმა სოფელ ოძისში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ქმედებებზე ინფორმაციას მოისმენს.
დღესვე ის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. აუდიენცია უკვე შედგა პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციაზეც ისაუბრეს.
მხარეებმა იმსჯელეს ასამბლეასთან საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობას და საქართველოს როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა შეხვედრები ასევე უკვე გამართა ოპოზიციასთან, ასევე თბილისის მერთან.