პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გრგორიადისის კომენტარი „ინტერპრესნიუსმა“ ჩაასწორა.
როგორც ცნობილია დილით სააგენტომ გრიგორიადისის კომენტარი გაავრცელა. ბრალდებულმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვებს გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან უპასუხა.
ბრალთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, რაც პოლიციელის მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ეხება, „ინტერპრესნიუსს“ თავდაპირველ ვერსიაში ციტატაში ეწერა: „მე ვისროლე „მოლოტოვი“. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ“.
მოგვიანებით გავრცელდა ლაზარე გრიგორიადისის დედის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ მისი შვილის ინტერვიუ გადააკეთეს. „ლაზარეს ინტერვიუ დაჭრეს და ისე გადააკეთეს და გადმოაკეთეს, როგორც აწყობდათ. სარკასტულად თქვა: “პოლიციელი მე დავწვი, ჰიჰიჰი, მრავალწერტილი” და ეს არის ჩასმული, მე როგორც ვიცი […] ლაზარეს მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ყოველ ჯერზე ირღვევა. ვისზე მუშაობენ, არ ვიცი. თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ როდემდე შერჩებათ, არ ვიცი“, – განაცხადა თამთა კალანდაძემ „ტაბულასთან“ საუბრისას.
ამის შემდეგ „ინტერპრესნიუსმა“ ლაზარე გრიგორიადისის ციტატის თავდაპირველი ვერსია ჩაასწორა და შემდეგი სახით დაწერა: „მე ვისროლე „მოლოტოვი“ ჰი, ჰი, ჰი. როგორც ჩანს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ არის საკმარისი. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ“.