პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც 14 მაისს გამართულ „ქართული ოცნების” ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, მკაფიოდ განაცხადა – ჩვენს გუნდში აღარ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთო. მოკლედ, მოცემულობა ასეთია – ვინც ღიად და ხმამაღლა აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი არ გააჩნია, „ქართული ოცნება” ყველაზე უარს ამბობს. ნაცების, ლიბერასტებისა და „ქართული ოცნების” მოლიბერასტო ფრთის მთავარი სამიზნეები თამაზ მეჭიაური და სოსო ჯაჭვლიანი არიან. თამაზ მეჭიაურმა „ქართული ოცნების” დატოვების შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადა. რა ბედი ეწევა სოსო ჯაჭვლიანს?
– ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, ნატო-ს მიმართ თქვენი სკეპტიკური დამოკიდებულების გამო „ქართული ოცნებიდან” წასვლა მოგიწევთ?
– არც პოლიტიკაში მოსვლის მერე და არც მანამდე არასოდეს მითქვამს, ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი ვარ-მეთქი. ამოიღონ და დამიდონ ჩემი თუნდაც ერთი განცხადება, სადაც მსგავსი რამ მაქვს დაფიქსირებული.
მეც, თამაზ მეჭიაურიც და გოგი თოფაძეც, უბრალოდ, ვიმეორებთ იმას, რასაც მსოფლიო ლიდერები ამბობენ. დიახ, გამოდის გერმანიის კანცლერი, გამოდიან ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტები და პირდაპირ გვეუბნებიან, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ განიხილებაო.
თუ იმის ლაპარაკში ხედავენ პრობლემას, რომ საქართველოს ამ ეტაპზე ნატო-ში გაწევრიანების შანსი არა აქვს, მაშინ ჯაჭვლიანთან და მეჭიაურთან ნუ აქვთ დიდი გული, წავიდნენ და ამერიკის პრეზიდენტს, საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანის კანცლერს მოსთხოვონ პასუხი!
– „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი წევრი დავით კოღუაშვილი ამბობს, მეჭიაურისა და ჯაჭვლიანის განცხადებები ჩვენი პარტიის პლატფორმას არის აცდენილი და ისინი მომავალ პარლამენტში არ უნდა იყვნენო. ამაზე რას იტყვით?
– ვინ არის კოღუაშვილი და ვინ დაგვინიშნა ეს კაცი ახალ ლიდერად? საერთოდ, ლიდერებს არ ნიშნავენ, ადამიანი ლიდერად თავად უნდა ჩამოყალიბდეს!
დიახ, ლიდერს ლიდერობა კოჭებში უნდა ეტყობოდეს, კოღუაშვილის კოჭებში კი სააკაშვილი, მერაბიშვილი და უგულავა დავინახეთ.
„გაშლილ სუფრაზე” რომ მოვიდა კოღუაშვილი და თამადობა მოუნდა, მაშინ სად იყო, როცა ჩვენ სააკაშვილის ბანდასთან ბრძოლაში თავი გვქონდა გადადებული?!
რომ ლაპარაკობენ – „ჯაჭვლიანი არა, ეს არა, ის არა” – მაინტერესებს, რატომ არა?! რამე დავაშავე?! ჩემს ქვეყანას ვუღალატე?!
არცერთ ჩვენგანს იმისათვის არ გვიბრძოლია და თავი იმიტომ არ გაგვიწირავს, რომ ვიღაცა მოსულიყო და „ქართულ ოცნებაში” სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ნაციონალების ქება დაეწყო!
– და მაინც, როგორ ფიქრობთ, დარჩებით თუ არა „ქართული ოცნების” გუნდში და იქნებით თუ არა მომავალ პარლამენტში?
– ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ უნდა გადაწყდეს. ჩემთვის მთავარია, გუნდისთვის ვიყო მისაღები, მაგრამ, თუ მიუღებელი აღმოვჩნდები, მაშინ გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა მითხრას და დამისაბუთოს, რატომ აღარ უნდათ ჩემთან ერთად ყოფნა?!
პირდაპირ ვაცხადებ – არ ვაპირებ, რომ ვინმეს ჩოხის კალთები დავახიო და ძალით „შევეტენო”! იმის მიუხედავად, ვიქნები თუ არა „ქართულ ოცნებაში”, ბრძოლის ველიდან არ გავალ!
– სხვათაშორის, რესპუბლიკელებიც გაიძახიან, „ქართულ ოცნებაში” ჯაჭვლიანის ადგილი არ არისო!
– ამაზე ერთადერთი პასუხი მაქვს – თუ „ქართული ოცნება” რესპუბლიკელების აზრს გაითვალისწინებს, მაშინ „ქართულ ოცნებას” და რესპუბლიკელებს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ერთმანეთი!
წყარო: ასავალ-დასავალი