აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს, თუმცა საავადმყოფოები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
კითხვაზე, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები, გავრცელებული ინფორმაციით, ხან იუნისში საავადმყოფოების ირგვლივ მოქმედებენ, ჯონ კირბიმ უპასუხა, რომ აშშ-ს არ სურს იხილოს საავადმყოფოები ომის ზონებად.
“ჩვენ ვიცით, რომ “ჰამასი” შეგნებულად იყენებს ისეთ ადგილებს, როგორიცაა საავადმყოფოები. ეს განსაკუთრებულ საჭიროებას აკისრებს ისრაელის თავდაცვის ძალებს, მაგრამ ასევე განსაკუთრებულ ტვირთს”, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
“ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. ჩვენ ველით, რომ ამას გააკეთებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და მაქსიმალურად დაიცავენ უდანაშაულო ადამიანებს საავადმყოფოებში, სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს”, – დასძინა მან.