„ლელოს“ წევრები პიარ-კონსულტანტ ჯერემი როზნერთან თანამშრომლობას „ქრონიკას“ უდასტურებენ და იმასაც ამბობენ, რომ როზნერი საარჩევნოდ მათთან კონსულტაციებს გამართავს. ასევე ცნობილია, რომ როზნერი საქართველოში დღეს ჩამოვა და პარტიის წევრებს შეხვდება.
„მე ვიცი, რომ ვთანამშრომლობთ საკონსულტაციო ფირმასთან, ვიცი რომ ამ საკონსულტაციო ფირმაში ერთ-ერთი ადამიანია როზნერი, მაგრამ მეტი დეტალი არ ვიცი“, – განუცხადა „ქრონიკას“ ლანა გალდავამ.
ფაქტი საბა ბუაძემაც დაადასტურა.
„კი, ჯერემი როზნერი თანამშრომლობს „ლელოსთან“. ჩვენ ბევრ სხვადასხვა კონსულტანტთან ვთანამშრომლობთ, მათ შორის საუკეთესოებთან და მათთან ერთად ვმუშაობთ, იმისთვის რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდეს“, – განაცხადა ბუაძემ.
გრიგოლ გეგელიამ კი აღნიშნა, რომ პარტიის კონსულტანტის ვინაობა არავის აინტერესებს.
„არაფერი დასამალი იმაში, რომ კონსულტანტები გვყავს, არ არის. რა თქმა უნდა, ვართ ძალიან დიდ ბრძოლაში ჩართული და გვყავს ტოპ-კლასის კონსულტანტები. დიახ, ჯერემი როზნერი არის მათ შორის, მაგრამ აბსოლუტურად არავის აინტერესებს, ჯერემი როზნერი იქნება თუ რა სახელი და გვარი იქნება“, – აღნიშნა გეგელიამ.
მანამდე „ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა პარტია „ლელოსთვის“ კონსულტანტი ჯერემი როზნერი გამოყო, რომ პარტიასთან კონსულტაციები გამართოს.