მასშტაბური კამპანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, თბილისში საერთაშორისო ციფრული კონფერენცია TRAVERSE გაიმართება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს 180-მდე ინფლუენსერი ეწვევა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მსოფლიოში ცნობილ მოგზაურ ბლოგერებს სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ.
„Კონფერენციის განმავლობაში წარმატებული ინფლუენსერები მონაწილეებს მსოფლიო ტრენდების შესახებ ინფორმაციას და გამოცდილებას გაუზიარებენ. სპიკერებს შორის არიან: გავინ რამაჯუნი, BBC-ის წამყვანი, რიჩ მაკკორი, Instagram-ის ბლოგერი, ტობა ქერიჯი, Youtube-ის ბლოგერი და სხვ.
„საქართველო პირველად უმასპინძლებს ბრიტანულ ციფრულ კონფერენციას, რომელიც 2013 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა და მას შემდეგ მსოფლიოს 12 ქვეყანაში გაიმართა. TRAVERSE-ის კლუბში გაწევრიანებულია 500-მდე ინფლუენსერი და ბლოგერი ძირითადად ევროპიდან. საქართველოს 200-მდე ინფლუენსერი და ბლოგერი ეწვევა. საქართველოში ჩამოვლენ ისეთი ბლოგერები, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავთ. ისინი მოივლიან საქართველოს, გაეცნობიან ტურისტულ პროდუქტებს. ვფიქრობ, ეს კონფერენცია ძალიან წარმატებული იქნება და მოგვიანებით ჩვენ შევძლებთ თვალი ვადევნოთ, თუ რას დაწერენ ინფლუენსერები საქართველოს შესახებ საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე“, – აცხადებს მაია ომიაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ციფრული კონფერენციის, TRAVERSE-ის ფარგლებში ინფლუენსერები თბილისში, მესტიაში, გუდაურსა და სხვა ადგილებში იმოგზაურებენ, გაეცნობიან ზამთრის კურორტებს, ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს.
ინფლუენსერები სოციალურ ქსელებში ბლოგებს, პოსტებსა და სთორებს მოამზადებენ, რომლებსაც ათობით მილიონი მომხმარებელი გაეცნობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე.
კონფერენციის გამართვამდე ორგანიზატორები თბილისს ეწვივნენ და ღონისძიების დეტალებს გაეცნენ, ასევე დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა.
„იანვრის ბოლოს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეს 200-მდე ბლოგერი ეწვევა, გაიმართება კონფერენცია, მოეწყობა ვორქშოფები, მონაწილეებს ექსპერტები გამოცდილებას გაუზიარებენ. პირველად ვარ საქართველოში და განსაკუთრებით მომეწონა ქართული კერძები და ღვინო. ინფლუენსერები, რომლებიც საქართველოს ეწვევიან, თქვენი ქვეყნის შესახებ შექმნიან ისტორიებს. ვფიქრობ, აუდიტორიისთვის პოზიტიური გამოცდილების გაზიარებით ყველაზე კარგ კამპანიას ქმნი. ინფლუენსერებს, რომლებიც ჩვენ ჩამოგვყავს, საოცარი გამოცდილება აქვთ, მათ მიერ შექმნილი მასალა სხვადასხვა პლატფორმით გავრცელდება, რაც ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს. ეს იქნება YouTube-ი, Instagram-ი, Tik Tok-ი, ასევე ციფრული და ბეჭდური მედიასაშუალებები. საქართველო საუკეთესო ადგილია, გვინდა, მთელ მსოფლიოში ადამიანებს გავაცნოთ და მოგზაურობის სურვილი გავუჩინოთ, რომ აღმოაჩინონ ახალი ტურისტული ადგილები საქართველოში“, – აცხადებს TRAVERSE-ის კონფერენციის ორგანიზატორი მაიკლ ბოლი.
ლონდონში დაფუძნებული TRAVERSE ეხმარება გლობალურ ბრენდებსა და ტურისტულ ჰაბებს ციფრული პროექტების განვითარებაში, კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ინფლუენსერები (ბლოგერები, YouTubers, Instagrammers, Tik Tokers და ვიდეოგრაფები და ა.შ).