საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედ სამუსიკო სასწავლებლებში ვიზიტს განაგრძობს. ამჯერად მინისტრი ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა და ცნობილ ქართველ პიანისტ გიორგი ვაჩნაძესა და მის მეუღლე, პიანისტ კიომი სუგიმურასთან ერთად პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
მინისტრმა სასწავლებლის დირექტორ გიორგი ქორქაძეს მადლობა გადაუხადა სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმოებისა და სამუსიკო განათლების პრიორიტეტად ქცევის მიზნით დღემდე გაწეული შრომისათვის.
გაიმართა შეხვედრა სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებთან. საუბრისას ყურადღება გამახვილდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და მის ახალ ხელმძღვანელთან სამუსიკო სასწავლებლების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობასა და უწყვეტი განათლების აღდგენის შესაძლებლობებზე. თეა წულუკიანმა ასევე მადლობა გადაუხადა სასწავლებლის პედაგოგებს ენთუზიაზმისა და თავდადებული შრომისათვის.
ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი საშუალო პროფესიული განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა საქართველოში, რომელმაც ავტორიტეტი და რეპუტაცია მრავალწლიანი ისტორიისა და მდიდარი ტრადიციების საფუძველზე მოიხვეჭა.
როგორც სამუსიკო სკოლა, დაარსდა 1922 წელს, შემდგომ კი საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი გახდა თბილისის №9 მუსიკალური სკოლის სახელით. 1973 წელს, გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, ევგენი მიქელაძის, დაბადების 70-ე წლისთავზე და სკოლის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით სკოლას ევგენი მიქელაძის სახელი მიენიჭა.
დღეისთვის სასწავლებელში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, საორკესტრო (სიმებიანი, ჩასაბერი), ვოკალური, საგუნდო-სადირიჟორო და თეორიულ-საკომპოზიციო განყოფილებები. აქ ასწავლიან გამოცდილი და ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთა აღზრდილები წარმატებით მონაწილეობენ და იმარჯვებენ ეროვნულ თუ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში, გამოდიან სხვადასხვა ღონისძიებაზე და ჩართული არიან საერთაშორისო პროექტებსა თუ გაცვლით პროგრამებში.
კულტურის სამინისტროს კონკურსის – „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ – ფარგლებში 2021 წელს სასწავლებელი დაფინანსდა 53 400 ლარით და შეძენილ იქნა შვიდი პიანინო PETROF-ი და ერთი როიალი AUGUST FORSTER-ი (ინსტრუმენტები მეორეულია). იმავე წელს კონკურსის – „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ – ფარგლებში 12 000 ლარით დაფინანსდა სასწავლებლის პროექტი World Harmony.
2022 წელს ამ კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა პროექტ „კამერტონის“ კონცერტი ქუთაისში. 2023 წლის სექტემბერში, სამუშაო რეჟიმში გამოსაცდელად, სასწავლებელში დაიდგა როიალი „ბოსტონი“ და პიანინო „ესექსი“. ამავე წელს, საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობის ფარგლებში, 10 000 ლარით დაფინანსდა პროექტი „ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა XII საერთაშორისო ფესტივალი „ბორჯომი 2023““.
2022 და 2023 წლებში პროექტის – „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა განათლების ხელშეწყობა“ – ფარგლებში, სამინისტრომ დააფინანსა სასწავლებლის ერთი მოსწავლის თბილისში ცხოვრების ხარჯი და სტიპენდია.