შეიძლება დღეს საზოგადოებამ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით ახალი ინფორმაციები მიიღოს. სწორედ დღეს დაიკითხება დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. ვარაუდობენ, რომ მან ბურუსით მოცულ ბევრ საკითხს შეიძლება მოჰფინოს ნათელი და დაასახელოს პირები, რომლითაც გამოძიება დაინტერესდება. ერთ-ერთი ასეთი ფიგურა პატრიარქის დაცვის ახლა უკვე ყოფილი უფროსია.
გამოძიებას მასთან კითხვები ადრეც ჰქონდა. მაშინ ის გერმანიიდან საგანგებოდ გამოიძახეს თბილისში. პატრიარქის უსაფრთხოებას კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავდა.
მის მიმართ სერიოზული კითხვები მოგვიანებით უკვე ექსპერტებსაც გაუჩნდათ და ეს მაშინ მოხდა, როცა ისევ გერმანიაში სოსო ოხანაშვილმა ვერ გასცა პასუხი მარტივ კითხვას: ვინ იმყოფებოდა პატრიარქის პალატაში და ვინ გააკეთა ილია მეორის ვიდეოკომენტარი. სკანდალი მაშინ აგორდა, როცა აღმოჩნდა, რომ ჩანაწერი დაჩეხილია და იქიდან ილია მეორის რამდენიმე სერიოზული ფრაზაა ამოღებული. ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საავადმყოფოში არ იმყოფებოდა და არ იცის, ვინ იმყოფებოდა პატრიარქთან. ამის შემდეგ არჩილ გამზარდია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ილია მეორის დაცვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები დასვა. მან თქვა, რომ პატრიარქი დაუცველია, რაკიღა მისი დაცვის უფროსმა არ იცის, ვინ იმყოფება პატრიარქთან პალატაში.
სოსო ოხანაშვილის ნაცვლად, დაცვის სამსახურს უკვე ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს.
ვარაუდობენ, რომ გამოძიება ამჯერად სერიოზულად დაინტერესდება ოხანაშვილით.
არჩილ გამზარდიას თქმით: „ხელშესახები არგუმენტი თითქოს არ ჩანს ამ წუთში, მაგრამ არაა გამორიცხული, სიმძიმის ცენტრი დაკავებული დეკანოზიდან დაცვის სამსახურის უფროსზე გადავიდეს. დეკანოზის ჩვენება, ამ მხრივ, სიცხადეს შეიტანს. ვფიქრობ, დაცვის სამსახურის უფროსიც აუცილებლად დასაკითხია და და ჭყონდიდელი მიტროპოლიტიც“.
სოსო ოხანაშვილის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის პატრიარქის ძმისშვილის, დიმიტრი შიოლაშვილის სიძეა (ქალიშვილის ქმარი). თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ოხანაშვილი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ის ბაჩო ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან დაახლოებული პირია. სწორედ მათ დროს და მათი მხარდაჭერით დაინიშნა ის თავის დროზე ილია მეორის დაცვის უფროსად.
მაშინ პატრიარქს დაცვა არ ჰყავდა, ეს სისტემა ოხანაშვილმა შექმნა, კადრებიც თავად აარჩია. კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ოხანაშვილი მოსმენების ტექნოლოგიებსაც კარგად ფლობდა და პატრიარქთან პრივატული შეხვედრების საუბრებსაც ისმენდა, ამიტომაც ხშირად საუბრების შესახებ ინფორმაციები გარეთ გამოდიოდა და სპეცსამსახურების ხელში ხვდებოდა.