მთავარია ჩვენ გელათის არსი გავითავისოთ – ის, რაც მეთორმეტე საუკუნიდან იყო და დამოკიდებულება იყოს მის მიმართ, რომ გელათი არის ჩვენი სიმბოლო, – ამის შესახებ დავით ლორთქიფანიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ეროვნული საბჭოს მდივანმა განმარტა, რომ ჯგუფს იტალიელი კოლეგები შეუერთდნენ, რომლებიც უკვე ხარაჩოებზე არიან და ამონტაჟებენ აპარატურას.
მისივე თქმით, ადგილზე კვლევა მუდმივი პროცესი იქნება და შექმნილია საველე ლაბორატორია, პირველი ჩარევა კედლის მხატვრობაზე კი ახლა იწყება. ლორთქიფანიძემ ასევე აღნიშნა, რომ ყველა ნაბიჯი იდგმება მხოლოდ ძალიან დეტალური მეცნიერული კვლევის შედეგად, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული დროებითი კომიტეტი კი შედგება ძალიან მაღალი სტანდარტისა და რეპუტაციის მქონე მეცნიერებისგან.
„როდესაც იწყება აქტივობა ნებისმიერი მიმართულებით, პირველ რიგში საჭიროა მზადყოფნა. ახლა შემიძლია ალბათ ჩემი კოლეგების სახელით ვთქვა, რომ ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ძალიან ზუსტი გეგმა არის იმისა თუ რა უნდა შესრულდეს და ასევე არის ძალიან კომპეტენტური ჯგუფები, როგორც ქართველი, ასევე ჩვენი საერთაშორისო კოლეგები, რომლებმაც ძალიან ფართოდ გახსნეს კარი ახალგაზრდა ქართველებისთვისაც“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, მზად არის დროებითი გადახურვის პროექტიც და უკვე შეკრებილია კონსტრუქტორთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მის მონტაჟში. მუდმივი გადახურვის პროექტი კი უფრო ფართო საზოგადოებასთან იქნება შეთანხმებული.
