საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო.
“ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, – აღნიშნა პიტერ სტანომ.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.
