„ეს ყველაფერი შესაბამისი შრომის და გატარებული რეფორმების შედეგია. გილოცავთ!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი – ჯეიმს აპატურაი საქართველოს მოქალაქეების ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერას.
როგორც აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, შესაბამისი რეგულაციის ხელმოწერა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შედეგია.
„ვიცი, რომ ეს ევროკავშირისა და საქართველოს საქმეა, მაგრამ ეს არის ნიშანი და საზოგადოების საერთო ღირებულებების ახალი საყრდენი, რომელსაც საქართველო დანარჩენ ევროპასთან ერთად იზიარებს. ეს ყველაფერი შესაბამისი შრომის და გატარებული რეფორმების შედეგია. გილოცავთ!“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.
ევროპარლამენტში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ხელი გუშინ მოეწერა. განახლებული რეგულაცია 9 მარტს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. 28 მარტიდან კი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
ჯეიმს აპატურაი საქართველოს მოქალაქეებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერას ულოცავს
2017/03/02 15:31:08
ნანახია: 1322 ჯერ