“ქართული ოცნება”, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, გამოდის ინიციატივით, რომ გაუნაწილებელი მანდატები იმ პოლიტიკურმა პარტიამ მიიღოს, რომელსაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ექნება.
შესაბამისი წინადადება უკვე ასახულია მათ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სამუშაო ვარიანტში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით შეთავაზებული წინადადება არის საარჩევნო სისტემების საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც არსებობს ევროპის არაერთ ქვეყანაში. მისი თქმით, შეთავაზებული მექანიზმის არსი არის ის, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში, პოლიტიკური და მმართველობითი თვალსაზრისით, მიღწეულ იქნას სტაბილურობა.
„არჩევნების და მმართველობითი სისტემის მიზანი მხოლოდ მათემატიკური სიზუსტით მანდატების გადანაწილება არ არის. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და ქვეყანამ მიიღოს ეფექტური და სტაბილური პოლიტიკური სისტემა, სტაბილური მმართველობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულ ძალას პოლიტიკური პროგრამის ეფექტურად და დროულად განხორციელების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ეს არის ამ მოდელის ძირითადი უპირატესობა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.