ქალბატონი მიღეი ასათიანი-მოღო გახლავთ სოსიპეტრე (ჭიჭიკო) ასათიანის ქალიშვილი. 97 წლის კვალობაზე შესანიშნავად გამოიყურება, ქართულადაც საუბრობს, ფრანგულადაც, რუსულადაც და ინგლისურადაც, – ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ქალბატონი მიღეი ასათიანი-მოღო გახლავთ სოსიპეტრე (ჭიჭიკო) ასათიანის ქალიშვილი. 97 წლის კვალობაზე შესანიშნავად გამოიყურება, ქართულადაც საუბრობს, ფრანგულადაც, რუსულადაც და ინგლისურადაც. აქამდე საგულდაგულოდ ინახავდა მამის არქივს, მის წერილებს, ფოტოებს. ახლა, დიპლომატიური მუზეუმის შექმნის იდეითა და მიზნებით დავაინტერესეთ და გაიმეტა ქართული დიპლომატიის მუზეუმისთვის. კარგა ხანს ყოყმანობდა, მოეცა თუ არა მამას ფოტოები. მამის რამდენიმე ფოტოსა და საბუთს მაინც ვეღარ გაუშვა ხელი, ჩაიხუტა გულში და ამას დავიტოვებო ითხოვა.
უარის თქმას ან კი ვინ გაუბედავდა, შვილიცა და დისშვილ-ძმისშვილებიც ამაოდ არწმუნებდნენ, აგერ მუზეუმში დაიდებს ბინას, უკეთესი იქნება მისი ხსოვნისთვისო, მაგრამ უხმოდ გააქნია თავი.
მრავალშვილიანი სოსიპატრეს შვილის ლორანის მიერ საფრანგეთის არქივისთვის გადაცემულ დოკუმენტებზეც მოგვცა ფრანგულმა საარქივო ფონდმა წვდომა, კარგი თანამშრომლობა გვექნება დიპლომატიურ არქივთანაც, პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა ოჯახებიც დაგვეხმარებიან და სამომავლოდ ძალიან საინტერესო ამბები გველის ქართული დიპლომატიის მუზეუმში. მით უფრო, რომ ეს კეთილი საქმე სწორედ იმ ადამიანს აქვს მინდობილი, ვინც ამ საქმის კარგი მცოდნე და ერთგული გულშემატკივარია Nikoloz Nikolozishvili. დოკუმენტებს შორიდან ცნობს და რაც ფრანგმა არქივარიუსებმა არ იციან, თითოეული დოკუმენტის შექმნის ისტორიებსა და გარემოებებსაც უყვება.
მე კი მიხარია, რომ ჩემმა საქმემ, უნებლიედ კიდევ ერთი კარგი საქმის მონაწილე გამხადა”, – წერს გოჩა ჯავახიშვილი.