საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, „თუ კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს ქვეყანაში საკონსტიტუციო მოდელები, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის“.
,,დღეს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გაგვაცნო მისეული ხედვა, ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე. თუ კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს ქვეყანაში საკონსტიტუციო მოდელები, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე“.