საქართველო დემოკრატიის განვითარების კუთხით წინ მიიწევს, ხოლო რეგიონის სხვა ქვეყნები კი უკან მიდიან დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საზოგადოებრივი მაუწყებლის უახლესი გამოწვევების შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
„ყველამ იცის, რომ მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, მედიაპლურალიზმის მტკიცე დამცველი ვიყავი; მომხრე იმისა, რომ მედიამ ანგარიშვალდებულად ამყოფოს მთავრობა. ჩემი გამოცდილებიდან, 2009-2010 წლებში, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნად ვმუშაობდი, ურთიერთობა მთავრობასა და მედიას შორის შემიძლია აღვწერო როგორც დაპირისპირებული ურთიერთობები. მაგრამ მე ასევე დიდ პატივს ვცემდი იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველდღე ბრიფინგზე მოდიოდნენ. ისინი მაიძულებდნენ მე ვყოფილიყავი გულწრფელი, ღია. მე მართლაც დიდად ვაფასებ მედიის მნიშვნელობას იმ კუთხით, რომ მთავრობა ანგარიშვალდებული დარჩეს და დემოკრატიის შენარჩუნდეს. მთავრობის ყველაზე მთავარი საზრუნავი თავისუფლებების შენარჩუნებაა და დამოუკიდებელი მედია ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. საქართველო მოდელია ამ რეგიონისთვის ამ კუთხით. საქართველო დემოკრატიის განვითარების კუთხით წინ მიიწევს, ხოლო რეგიონის სხვა ქვეყნები კი უკან მიდიან დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. საქართველო სამაგალითო მოდელია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა, საქართველო წარმატებული იყო.
ვგულისხმობ, ძლიერ ოპოზიციას, რომელსაც შეუძლია გამოხატოს საპირისპირო აზრი, თუნდაც როდესაც ამის მოსმენა რთული იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენს მიმართვაში მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რომ ყველა ხმის, მათ შორის მთავრობისადმი კრიტიკული ხმების წვდომა უზრუნველყოფილი იყოს. მთავრობამ უნდა დაიცვას კრიტიკული ხმები და უზრუნველყოს მათი წვდომა ხალხისადმი, რომ ხალხმა გაიგოს ეს კრიტიკა. ჩვენ განვაგრძობთ მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას“, – განაცხადა იან კელიმ.