“10 მარტს, პრეზიდენტის სასახლეში, პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც კონსტიტუციის სახალხო განხილვის ჩვენს ხედვას ითვალისწინებს”, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეპატიჟება საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კონსტიტუციონალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, ახალგაზრდებს.
”ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს საზოგადოება ჩართული კონსტიტუციის წერის პროცესში. ჩვენ ვთლით, რომ კონსტიტუცია უნდა იწერებოდეს არა ცალკეულ პირებთან მიმართებაში გარკვეული გადაწყვეტილებებით, არამედ ხალხის მიერ. სწორედ ამის პრეზენტაციას მოვახდენთ 10 მარტს”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მიუხედავად უმრავლესობის ნაწილის გუშინდელი განცხადების, რომ პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებას არ დაესწრებიან, გიორგი აბაშიშვილი ვარაუდობს, რომ ”გუშინდელი ემოციური განცხადებების შემდეგ”, უმრავლესობის მხრიდან დღეს მოხდება პროცესის ანალიზი, თუ რასთან გვაქვს საქმე.
”მე ვფიქრობ, ისინი მიიღებენ ამ შეხვედრაში მონაწილეობას. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კონსტიტუციის განხილვა უნდა მოხდეს ხალხის მიერ, მაშინ, თავისთავად ცხადია, პირველ რიგში, მათ შორის ამ პროცესში უმრავლესობის წევრებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა”, – განაცხადა აბაშიშვილმა.