არ არის გამორიცხული, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიწოდებულ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით აპელირებდნენ ევროპარლამენტარები, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობისადმი ევროპარლამენტარების წერილს, კახა კალაძის თქმით, ის წერილის შინაარსს გაეცნო და უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობის პასუხი იქნება წარმოდგენილი.
„მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, საქართველოში არც ერთ მედიასაშუალებას არ აქვს საფრთხე. დამთავრდა ის დრო, როდესაც ტელევიზიებს ხელკეტებით, ნიღბებით უვარდებოდნენ. დამთავრდა ის დრო საქართველოში, როდესაც ტელევიზიების დახურვა მიდიოდა. არც ერთ მედიასაშუალებას და არც „რუსთავი 2“-ს არანაირი საფრთხე არ გააჩნია საქართველოში ჩვენი მთავრობის პირობებში. ეს ჩვენ არა მხოლოდ საუბრით, არამედ საქმით დავამტკიცეთ და ვაჩვენეთ სრულიად მსოფლიოს. ჩვენთვის მედიაპლურალიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ არის რაიმე ხარვეზი, ეს რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ, უბრალოდ ის, რომ თითქოს მედია არის ტერორის ქვეშ, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე. ვიმეორებ იმას, რომ ჩვენ მედიაპლურალიზმს მივესალმებით საქართველოში“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, მისი აზრით, ევროპარლამენტარებს არასწორი ინფორმაცია აქვთ, კახა კალაძის თქმით, შეიძლება ჰქონდეთ არასწორი ინფორმაცია.
„შეიძლება ითქვას, რომ მათი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს კონკრეტული მედიასაშუალებების მიმართ ჩვენ გაქვს ზეწოლა, არასწორია. ვრჩები ჩემს მოსაზრებაზე, რომ საქართველოში არც ერთი მედიასაშუალების მიმართ არანაირი ზეწოლა არ მიმდინარეობს. ეს წლები ჩაბარებულია წარსულს და საქართველოში ვერავინ გაბედავს, რომელიმე მედიასაშუალებაზე, ან კონკრეტულად რომელიმე ჟურნალისტზე განახორციელოს ზეწოლა“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, აპელირებენ თუ არა ევროპარლამენტარები სიცრუეზე, კახა კალაძის თქმით, არ არის გამორიცხული „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიწოდებული არასწორი ინფორმაციის შედეგად აპელირებდნენ ისინი.
„ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მოხდა დროებით შეჩერება, პროცესი მიმდინარეობს და დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.