”რესპუბლიკელი” დეპუტატის დავით ბერძენიშვილის თქმით, კანონმდებლობაში გარკვევით წერია, რომ ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ერთობა ქორწინებაა.
”ამ საკითხის გადახედვის მოთხოვნა არ დგას საქართველოში. პრობლემას იქ ნუ ვეძებთ, სადაც არ არის. თუკი ცალკეულ ჯგუფებს აქვთ რაიმე ტიპის მოლოდინები შორეული მომავლის, ეს არ არის დღევანდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგი ქვეყანაში.
დღეს კანონმდებლობით გვაქს, რომ ქალისა და მამაკაცის ერთობა ქორწინებაა. კანონმდებლობის ინიციატორები თვლით, რომ ეს ჩაწერილი იყოს კონსტიტუციაში, როგორც ესაა ხორვატიაში. ხორვატიაში კონსტიტუციაში წერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაგრამ ამასთანავე ხორვატიაში კანონიც არის მიღებული, სადაც ერთანირი სქესის ადამიანების სამოქალაქო კონტრაქტიც არსებობს. ასე რომ, არის სხვადასხვა ფორმა და ხარისხი ერთნაირის სქესის ადამიანების ურთიერთობის ლეგალიზებისა ევროპის სხვადასხვა ქალაქში – ზოგან ქორწინება, ზოგან სამოქალაქო კონტრაქტი ჰქვია ამას”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ პარლამენტში ამ საკითხის კენჭისყრა ვერ მოხერხდება.
”პოლიტიკური მოტივაცია მესმის, რომ არ დავუტოვოთ ეს თემა ანტიდასავლურ, მარგინალ პრორუსულ ჯგუფებს პოპულისტობისთვის, მაგრამ ვერ იღებს ეს პარლამენტი ამას. ამიტომ ჩემი თხოვნაა, სურვილია, რომ ნუ ვაქცევთ ამ თემას ძალიან აქტუალურ საარჩევნო პროპაგანდისტურ თემად. ეს დაძაბავს ურთიერთობას და ეს იქნება ქარიშხალი ჭიქაში”, – მიმართა ბერძენიშვილმა დეპუტატებს.