საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახების წევრებს ახალ სოციალური სახის შეღავათებს სთავაზობს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, კულტურულ-შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობის, საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიასთან, მწერალთა სახლთან, უნივერსალური ცოდნის აკადემიასთან (UNIKO), საფეხბურთო აკადემიასთან „უშბა“, რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრთან, „ფენიქს ცენტრთან“ და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრთან „კინეზი“.
დოკუმენტებს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს.
„მემორანდუმების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს, უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსა და მათი ოჯახების წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეთავაზებულ სერვისებზე შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ. სამოქალაქო სექტორთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით გაფორმდა.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების, უწყებაში დასაქმებული სამოქალაქო პირებისა და მათი ოჯახების წევრების სოციალური ხელშეწყობის მიზნით, ასევე, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. აღნიშნული მიმართულებით კომპანიებთან მოლაპარაკებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.