დარჩება თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით? – ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნების დასრულებისთანავე დაისვა.
მოქმედი პრეზიდენტის ევროპული პოლიტიკური ოჯახი, – კონსერვატიული „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) – ევროპარლამენტში კვლავ წამყვან ძლად რჩება. მაგრამ მეორე ვადით არჩევისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენს მოკავშირეების პოვნა მოუწევს. გერმანელი ქალბატონი 6-9 ივნისის არჩევნებიდან უფრო ძლიერი გამოვიდა, ვიდრე მანამდე იყო. მისმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ პროგრესი განიცადა – 720-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 186 მანდატი მიიღო. მაგრამ კომისიის სათავეში დარჩენისთვის, ურსულას ორმხრივი მწვანე შუქი სჭირდება: ერთი მხრივ, ევროპის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებისგან, ხოლო მეორე მხრივ, – ევროპარლამენტისგან, სადაც მან, მინიმუმ, 361 მხარდამჭერი უნდა მოიძიოს. სწორედ ამიტომ, 9 ივნისის საღამოს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს კარი გაუღო: „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მსურს შევქმნა ძლიერი უმრავლესობა ძლიერი ევროპისთვის. ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ყველას ვაჩვენე, რისი მიღწევა შეუძლია ძლიერ ევროპას. ჩემი მიზანია გავაგრძელო ეს გზა მათთან, ვინც მხარს უჭერს ევროპას, უკრაინას და კანონის უზენაესობას”. ურსულა ფონ დერ ლაიენი, უპირველეს ყოვლისა, „სოციალ-დემოკრატების“ (S&D) და ლიბერალების და დემოკრატების „ევროპული განახლების” მხარდაჭერას ეყრდნობა. მითუმეტეს, ამ ორმა პროევროპულმა ჯგუფმა მას 2019 წელსაც დაუჭირა მხარი.
გააგრძელებს თუ არა ეს ორი ჯგუფი ფონ დერ ლაიენის მხარდაჭერა? ყველაფერი ამ სამ პოლიტიკურ ძალას შორის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ერთი რამ უკვე ნათელია: ეს კოალიცია ნაკლებად ფართოა, ვიდრე 5 წლის წინ იყო – 2019 წელს მასში 444 დეპუტატი შედიოდა, ახლა კი მათი რაოდენობა 400-მდე შემცირდა. თეორიულად, ეს სავსებით საკმარისია, რადგან ურსულა ფონ დერ ლაიენს, ხელახალი არჩევისთვის, 361 ხმა სჭირდება. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მოქმედ პრეზიდენტს საკუთარ EPP-შიც კია არ აქვს გარანტირებული ყველა ხმის მიღება. მაგალითად, ზოგიერთი თანაფრაქციელები მას იმიტომ აკრიტიკებს, რომ მაგალითად, „მწვანე კურსს“ მწვანე მუქი აუნთო. ამიტომ, უმრავლესობის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მას სხვა ჯგუფებთანაც მოუწევს დაკავშირება. ეს შეიძლება იყოს როგორც „მწვანეები“, ასევე „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორები“ (ECR) – ჯგუფი, რომელშიც იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის პარტია შედის.
თუმცა, ევროპელმა სოციალისტებმა, ლიბერალებმა და „მწვანეებმა“ ურსულა უკვე გააფრთხილეს, რომ ულტრამემარჯვენეებთან მუშაობაზე უარს იტყვიან. ვინაიდან მომავალი ევროპარლამენტის სახე ბოლომდე არ არის გამოკვეთილი, პოლიტიკურ ჯგუფებს ჯერ კიდევ შეუძლიათ მანევრირება. ასეთ მოძრაობებს და ცვლილებებს უახლოეს დღეებსა და კვირებში უნდა ველოდოთ. ამჟამად ასამდე ევროპელი დეპუტატი არცერთ ჯგუფში არ შედის. ზოგიერთი მათგანი, სავარაუდოდ, კონსერვატიულ EPP-ს, ლიბერალებს ან ევროპელ სოციალ-დემოკრატებს შეუერთდება. სხვები, უდავოდ, მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების რიგებს შეავსებენ. ასე რომ, ახალი პარლამენტის პირველ სესიამდე, რომელიც 16 ივნისს გაიხსენება, არაერთი დაძაბული მოლაპარაკება შედგება.