პრემიერის განცხადება აბსოლუტურად ლოგიკურია, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვაზე და მეორე მხრიდან გვესმის მხოლოდ მუქარა, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პრემიერის განცხადება, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე სამწუხარო უწოდა, რამდენადაც ის არ პასუხობს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით მოლოდინებს.
„მუქარები, თანხების შეჩერება, ზოგადად, განცხადებები, რომ ჩერდება ევროინტეგრაციის პროცესი, რაც ვერავინ ახსნა რას ნიშავს, იმიტომ, რომ ასეთი სამართლებრივი მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს ევროკავშირში, რომ ვინმე გამოვიდეს და შეჩერდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში პროცესი, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.
რა თქმა უნდა, ეს ემსახურება იმას, რომ ყველაფერი გამოყენებული იყოს საქართველოში რადიკალური პროცესებისთვის არჩევნებამდე. ამიტომ, პრემიერის ეს განცხადება აბსოლუტურად ლოგიკურია, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვაზე და ჩვენ ამას ვცდილობთ, მეორე მხრიდან გვესმის ჩვენ მხოლოდ მუქარა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.