დემოკრატიზმის განვითარების თვალსაზრისით, ბუნებრივია, ქვეყანა ირჩევს და აირჩევს საზოგადოების განსჯის შედეგად იმ გზას, რომელიც მისთვის, მისი სუვერენობისთვის, თვითმყოფადობისთვის, დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით მისაღებია, – ამის შესახებ მეცნიერმა, ფილოლოგმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ვალერი ასათიანმა „ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს განცხადების შეფასებისას უთხრა.
„დღეს, როდესაც სამყაროში ბევრი წინააღმდეგობრივი პროცესი მიმდინარეობს, როცა მოძალებულია ფსევდო ლიბერალიზმი, ფსევდო დემოკრატია, როცა დომინირებს ათმაგი სტანდარტი ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას, თავად დემოკრატიზმის განვითარების თვალსაზრისით, ბუნებრივია ქვეყანა ირჩევს და აირჩევს საზოგადოების განსჯის შედეგად იმ გზას, რომელიც მისთვის, მისი სუვერენობისთვის, თვითმყოფადობისთვის, დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით მისაღებია. სამი საუნჯისადმი ერთგულება – მამული, ენა, სარწმუნოება ყოველთვის უნდა იყოს ერის გზამკვლევი. აქ არის სწორედ სირთულე, რომ თანამედროვე გლობალიზაციის, ამ ურთულესი პროცესების, ომების პირობებში ქვეყანამ აირჩიოს გზა, რომელიც იქნება ბალანსზე დაფუძნებული და მოხმარდება ქვეყნის კეთილდღეობას და მის განვითარებას“, – აღნიშნა ასათიანმა.